ავტორიზაცია

მილანის პრეზიდენტი: "თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა, სერია ა საფეხბურთო ელიტას უფრო და უფრო ჩამორჩება"

მილანის პრეზიდენტი: "თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა, სერია ა საფეხბურთო ელიტას უფრო და უფრო ჩამორჩება"
თარიღი 19 ივნ 2022, 12:20

"მილანის" პრეზიდენტმა, პაოლო სკარონიმ იტალიის ჩემპიონატის ნაკლოვანებების შესახებ ისაუბრა.

"ჩვენი სერია ა ევროპის სხვა ტოპ ლიგებთან შედარებით სერია ბ-დ იქცა. ამა თუ იმ ასპექტში ყველა მათგანმა გადაგვასწრო ბოლო 20 წელიწადში".

"შედეგად, ფეხბურთელებს საუკეთესო პროდუქტს არ ვთავაზობთ, ჩვენი მესი და მბაპე არ გვყავს, რადგან ამის საშუალება არ გვაქვს. თუ ყველაფერი ასე გაგრძელდება, საფეხბურთო ელიტას უფრო და უფრო ჩამოვრჩებით".

"ხალხს მიმზიდველი პროდუქტი უნდა მივაწოდოთ. ფეხბურთი შოუა, შოუსთვის კი მიმზიდველი სტადიონებია საჭირო: კარგად განათებული, ყოველთვის მაყურებლებით სავსე, თანამედროვე, არც ისე დიდი და არც ისე პატარა. მაგრამ იტალიაში ინფრასტრუქტურის შექმნა რთულია. დიდი დრო სჭირდება შეთანხმებას, ნებართვას, ადგილობრივ რეფერენდუმსაც კი".

"გარდა ამისა, შოუ ძირითადად სათამაშო დროისგან უნდა შედგებოდეს, ცოტა შესვენებით. თებერვალში "მილანისა" და "უდინეზეს" მატჩის სუფთა დრომ 48 წუთი და 38 წამი შეადგინა. 97 წუთიდან. ეს მოსაწყენია. არბიტრებმა ამ საქმეში თავიანთი წვლილი უნდა შეიტანონ", - განუცხადა სკარონიმ Il Foglio-ს.