ავტორიზაცია

ლა ლიგის 2022/23 წლების სეზონის კალენდარი გამოქვეყნდა — გამორჩეული მატჩების განრიგი სრულად

ლა ლიგის 2022/23 წლების სეზონის კალენდარი გამოქვეყნდა — გამორჩეული მატჩების განრიგი სრულად
თარიღი 23 ივნ 2022, 23:26

ლა ლიგის პრესსამსახურმა 2022/23 წლების სეზონის გათამაშების კალენდარი გამოაქვეყნა, რომელიც სტარტს 2022 წლის 14 აგვისტოს აიღებს და 2023 წლის 4 ივნისს დასრულდება.

ასე და ამგვარად, პირველ ტურში "ბარსელონა" "რაიო ვალეკანოს" უმასპინძლებს, "რეალი" "ალმერიას" ესტუმრება, ხოლო "ატლეტიკო" "ხეტაფეს" შეხვდება.

სეზონის პირველი "ელ კლასიკო" 16 ოქტომბერს გაიმართება - მე-9 ტურის ეგიდით, "ბლანკოსი" "ბლაუგრანას" "სანტიაგო ბერნაბეუზე" მიიღებს. მეორე "კლასიკო" კი 19 მარტს (26-ე ტური) "კამპ ნოუზე" შედგება.

"რეალისა" და "ატლეტიკოს" მონაწილეობით, პირველი მადრიდული დერბი 18 სექტემბრისთვისაა (მე-6 ტური) დაგეგმილი, ხოლო მეორე 26 თებერვლისთვის (23-ე ტური). "ბარსა" და "როხიბლანკო" ერთმანეთს 8 იანვარსა (მე-16 ტური) და 23 აპრილს (30-ე ტური) დაუპირისპირდებიან.

"ესპანიოლთან" დერბიში "ბლაუგრანა" 31 დეკემბერს (მე-15 ტური) და 14 მაისს (34-ე ტური) ითამაშებს.

რაც შეეხება სევილიურ დერბის, 6 ნოემბერს (მე-13 ტური) მატჩი "ბეტისის" სტადიონზე გაიმართება, ხოლო 21 მაისს (35-ე ტური) "სევილიას" საშინაო არენაზე.

ესპანეთის ჩემპიონატის 2022/23 წლების სეზონის სრული კალენდარი შეგიძლიათ იხილოთ აქ.