ავტორიზაცია

დემბელეს მსურველთა რიგი უდგას — 4 ტოპ კლუბი, სადაც შეიძლება ბარსელონას შემტევი გადავიდეს

დემბელეს მსურველთა რიგი უდგას — 4 ტოპ კლუბი, სადაც შეიძლება ბარსელონას შემტევი გადავიდეს
თარიღი 27 ივნ 2022, 19:38

"ბარსელონას" გარემარბს, უსმან დემბელეს კარიერის გაგრძელების რამდენიმე ვარიანტი აქვს, იტყობინება ცნობილი ესპანური გამოცემა Diario Sport-ი.

ასე და ამგვარად, გავრცელებული ინფორმაციით, კატალონიური გრანდის წინადადების გარდა, ფრანგს "ლივერპული", "ბაიერნი", "პსჟ" და "ჩელსი" ეპატიჟებიან.

25 წლის შემტევი მერსისაიდელთა მთავარ მწვრთნელს, იურგენ კლოპს მოსწონს და მას "ბაიერნში" წასული სადიო მანეს პოტენციურ შემცვლელად განიხილავს.

მიუნხენურმა გრანდმა უსმანი შეიძლება იმ შემთხვევაში იყიდოს, თუ გუნდს სერჟ გნაბრი დატოვებს - მისი კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდეა გათვლილი და მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე ჯერ არ შეთანხმებულან. "რეკორდმაისტერის" დამრიგებელმა, იულიან ნაგელსმანმა დემბელეს შესაძლო ტრანსფერზე თანხმობა ჯერ კიდევ ორი თვის წინ განაცხადა.

"პსჟ"-ს სპორტული დირექტორის პოსტზე ლუიშ კამპუშის მისვლის შემდეგ, "ბარსას" გარემარბი პარიზელთა მთავარ სამიზნედ იქცა. რაც შეეხება "ჩელსის", "მანჩესტერ სიტიდან" რაჰიმ სტერლინგის პოტენციური ტრანსფერი ამ გარიგებას ხელს არ შეუშლის. "არისტოკრატთა" თავკაცის, ტომას ტუხელის გეგმის მიხედვით, სტერლინგი "ცრუ ცხრიანის" როლს შეასრულებს, დემბელე კი შეტევის ხაზის მარჯვენა ფლანგზე იმოქმედებს.

როგორც აქამდე გახდა ცნობილი, "ბარსამ" დემბელეს ულტიმატუმი წაუყენა - ამ უკანასკნელმა საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილება 30 ივნისამდე უნდა მიიღოს.

გასულ სეზონში უსმანმა ყველა ტურნირზე ერთად 32 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 13 შედეგიანი გადაცემაც ჩაიწერა საკუთარ აქტივში.