ავტორიზაცია

გახმაურდა მიზეზი, რის გამოც პოჩეტინოს პსჟ-დან გათავისუფლების პროცესი იწელება

გახმაურდა მიზეზი, რის გამოც პოჩეტინოს პსჟ-დან გათავისუფლების პროცესი იწელება
თარიღი 28 ივნ 2022, 20:26

"პარი სენ ჟერმენიდან" გუნდის ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელის, მაურისიო პოჩეტინოს გათავისუფლების პროცესი იმის გამო იწელება, რომ სპეციალისტს ბონუსების მიღება სურს.

როგორც გავლენიანი გამოცემა L'Equipe წერს, არგენტინელს ჯერ კიდევ 18 დღის წინ შეატყობინეს პარიზული კლუბიდან გაშვების შესახებ.

ამჟამად კლუბი და პოჩეტინოს ადვოკატი კონტრაქტის გაწყვეტაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ. "პსჟ" მზადაა 50 წლის სპეციალისტს და მის ოთხ ასისტენტს ხელშეკრულების მიხედვით დარჩენილი ერთი წლის ხელფასი სრულად გადაუხადოს. მაგრამ პარიზელები ბონუსების სახით 2 მილიონი ევროს გადახდაზე უარს აცხადებენ, რომელსაც მაურისიო და მისი შტაბი დარჩენის შემთხვევაში მიიღებდნენ.

გარდა ამისა, პოჩეტინოსა და მისი შტაბის ჯიბე გათავისუფლებისთვის კომპენსაციის სახით 15 მილიონით შეივსება. მისი კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.

"პსჟ" ზეწოლის ქვეშაა, რადგან წინასასეზონო შეკრება მალე იწყება. პოჩეტინო კრისტოფ გალტიემ უნდა შეცვალოს, რომლის სანაცვლოდაც "პსჟ" "ნიცას" 8 მილიონს ჩაურიცხავს.

პარიზელები გალტიეს იქამდე ვერ დანიშნავენ, სანამ პოჩეტინო კლუბიდან ოფიციალურად არ წავა.