ავტორიზაცია

რეალმა ატლეტიკოსთან 11 წლის წინ დადებული პაქტი არგაკეთებული საჩემპიონო დერეფნის გამო დაარღვია

რეალმა ატლეტიკოსთან 11 წლის წინ დადებული პაქტი არგაკეთებული საჩემპიონო დერეფნის გამო დაარღვია
თარიღი 29 ივნ 2022, 23:26

ცნობილი გახდა, თუ რატომ გაუარესდა „რეალის“ და „ატლეტიკოს“ ურთიერთობა.

11 წლის წინ, მადრიდულმა კლუბებმა სიტყვიერი შეთანხმება დადეს, რომლის თანახმადაც, ისინი ერთმანეთის ახალგაზრდული გუნდებიდან ფეხბურთელებს არ გადაიბირებდნენ.

თუმცა, ახლა, როგორც Marca წერს, „რეალი“ ამ შეთანხმებას უქმედ მიიჩნევს, მას შემდეგ, რაც „ატლეტიკომ“, მათი აზრით მათ მიმართ უპატივცემლობა გამოიჩინა და ლა ლიგის მოგებისთვის საჩემპიონო დერეფანი არ გაუკეთა.

გარდა ამისა, „რეალმა“ ისიც შეამჩნია, რომ „ატლეტიკომ“ რამდენჯერმე ახალგაზრდა ფეხბურთელთან მათ მოლაპარაკებებში ჩარევა სცადა და ამიტომ, კლუბი მიიჩნევს, რომ ადრე დადებული პაქტი აზრს კარგავს.

ამის გამო, „რეალმა“ შესაძლოა უახლოეს პერიოდში 15 წლის მარჯვენა მცველი, ხესუს ფორტეა „ატლეტიკოს“ აკადემიიდან გადაიბიროს, რომელმაც „როხიბლანკოს“ ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ ფეხბურთელად მიიჩნევენ.

იმის გამო, რომ ფორტეა ჯერ 16 წლის არ გამხდარა და პროფესიონალური კონტრაქტის გაფორმებაც არ შეუძლია, სეზონის ბოლოს ის თავად გადაწყვეტს, თუ სად გააგრძელოს კარიერა. 

გავრცელებული ინფორმაციით, ფორტეამ „ატლეტიკოს“ უარი უთხრა და „რეალში“ აპირებს გადასვლას.