ნეიმარს მორიგი სერიოზული მსურველი გამოუჩნდა, თუმცა არსებობს ერთი პრობლემა
"მილანი" "პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელის, ნეიმარის ხელში ჩაგდებით ინტერესდება, იტყობინება ბრაზილიური გამოცემა UOL-ი.
მოგეხსენებათ, პარიზელები მზად არიან სამხრეთამერიკელს შეელიონ, რაც ამ უკანასკნელისადმი "როსონერის" ყურადღებას უფრო აძლიერებს.
ასე და ამგვარად, იტალიური გრანდი 30 წლის შემტევის მიწვევის ვარიანტს განიხილავს. როგორც კლუბში ფიქრობენ, ეს ტრანსფერი გზავნილი იქნება მსოფლიო ფეხბურთისთვის, რომ "მილანი" ტოპ დონეზე დაბრუნდა.
"როსონერის" ნეიმარის მთლიანი ხელფასის დაფარვის შესაძლებლობა არ აქვს, მაგრამ "პსჟ"-სგან დათმობაზე წასვლას ელის, რათა ტრანსფერის გაჩარხვა მოახერხოს. "მილანი" თანახმაა ბრაზილიელს წელიწადში 15-20 მილიონი ევრო უხადოს, თუ დარჩენილ თანხას პარიზული კლუბი დაფარავს.
გასულ სეზონში ბრაზილიელმა სუპერვარსკვლავმა ყველა ტურნირზე ერთად 28 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და 8 შედეგიანი გადაცემაც გააკეთა.