ავტორიზაცია

"ამით ფეხბურთელს ფსიქოლოგიურად ანადგურებ, დიდი უსამართლობაა!" - დილადან წასული მაქაცარიას კომენტარი

"ამით ფეხბურთელს ფსიქოლოგიურად ანადგურებ, დიდი უსამართლობაა!" - დილადან წასული მაქაცარიას კომენტარი
თარიღი 02 ივლ 2022, 23:51

26 წლის თავდამსხმელი თამაზ მაქაცარია სეზონის სტარტზე "გაგრადან" გორის "დილაში" გადავიდა.

"გაგრაში" ჩატარებული კარგი სეზონის შემდეგ, მან გორელთა მთავარი მწვრთნელი ანდრეი დემჩენკოს ინტერესი გამოიწვია, თუმცა შუა სეზონში ყველაფერი შეიცვალა.

მაქაცარიას "დილაში" ცოტა სათამაშო დრო ეძლეოდა და მწვრთნელი დიდად არ წყალობდა, რის გამოც გუნდის დატოვება მოუწია. ისე კი, მან "დილას" მაისურით 3 გოლის გატანა მოასწრო.

GOAL.GE მაქაცარიას დაუკავშირდა და "დილადან" წასვლის მიზეზებზე ჰკითხა.

"გაგრაში კარგი სეზონი მქონდა და 26 გოლიც გავიტანე, რის შემდეგაც უცხოეთიდან შემოთავაზებები მქონდა, თუმცა დემჩენკოს ვესაუბრე და დილაში წასვლა გადავწყვიტე, რაც ვფიქრობ, ნაჩქარევი გადაწყვეტილება იყო. 

რთულია, ისეთ გუნდში, სადაც მწვრთნელს თავისი გეგმები და ხედვები აქვს, ეგრევე მოერგო, მე კი შანსი არ მეძლეოდა. აქ სკამზე დასაჯდომად არ მოვსულვარ, როცა შანსი მეძლეოდა, მაქსიმუმს ვდებდი და გოლებსაც ვიტანდი. ჩემი მიზანი იყო გულშემატკივარი გამეხარებინა, რაც არ დამცალდა და წასვლა მომიწია.

როცა ფეხბურთელი ამდენ გოლს იტანს, შემდეგ გუნდში მიგყავს და თავის გამოჩენის საშუალებას შეკრებაზეც არ აძლევ, ამით მას ფსიქოლოგიურად ანადგურებ და დიდი უსამართლობაა.

ამჟამად ლოკომოტივთან ერთად ვვარჯიშობ, რისთვისაც მათ მადლობას ვუხდი. შემოთავაზებები მაქვს, მათ შორის უცხოეთიდან, მაგრამ ამჯერად გადაწყვეტილების მიღებას არ ვჩქარობ", - გვითხრა მაქაცარიამ.

ავტორი: ბაჩო ცალუღელაშვილი