ავტორიზაცია

რეალის მთავარი მიზანი ბენზემასთან კონტრაქტის გახანგრძლივებაა, თუმცა მისი შემცვლელი უკვე შეარჩია — AS

რეალის მთავარი მიზანი ბენზემასთან კონტრაქტის გახანგრძლივებაა, თუმცა მისი შემცვლელი უკვე შეარჩია — AS
თარიღი 03 Jul 2022, 21:09

"რეალის" ხელმძღვანელობის მთავარი მიზანი გუნდის თავდამსხმელ კარიმ ბენზემასთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაა.

როგორც გავლენიანი ესპანური გამოცემა AS-ი წერს, ფრანგ ფორვარდთან თანამშრომლობის მინიმუმ 2024 წლამდე გაგრძელება მადრიდული გრანდის პრიორიტეტია.

გავრცელებული ინფორმაციით, "ბლანკოსის" ფეხბურთელების კონტრაქტებში, როგორც წესი, "ოქროს ბურთის" მოგების შემთხვევაში სპეციალური პუნქტია გაწერილი. თუ მადრიდელთა ფეხბურთელი ამ ჯილდოს დაისაკუთრებს, მაშინ მისი ხელშეკრულება ავტომატურად ერთი წლით ხანგრძლივდება. გარდა ამისა, იგი ფულად ბონუსსაც იღებს.

ეს უკვე მოხდა ლუკა მოდრიჩის შემთხვევაში - ხორვატმა 2018 წელს "ოქროს ბურთი" მოიგო, "სამეფო კლუბთან" მისი კონტრაქტი 2021 წლამდე იყო გათვლილი. ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოს დასაკუთრების შემდეგ, ხელშეკრულება ავტომატურად 2022 წლამდე გახანგრძლივდა.

უცნობია, გათვალისწინებულია თუ არა ეს პუნქტი ბენზემას კონტრაქტში. თუ არის, მაშინ კონტრაქტის ვადა ავტომატურად 2024 წლამდე გახანგრძლივდება. თუ არა, მაშინ "რეალი" ყველაფერს გააკეთებს ფრანგთან თანამშრომლობის გაგრძელებისთვის.

გარდა ამისა, "რეალში" გეგმავენ, რომ 2024 წლის შემდეგ ბენზემა ერლინგ ჰოლანდით ჩაანაცვლონ, რომელიც ამ ზაფხულს "მანჩესტერ სიტიში" გადაბარგდა. არსებული ცნობით, ნორვეგიელის გამოსასყიდი თანხა 150 მილიონ ევროს შეადგენს, ეს პუნქტი კი ძალაში ორ სეზონში შევა - 2024 წლის ზაფხულში.

იმ მომენტისთვის ბენზემა 36 წლის იქნება, "რეალი" მის მდგომარეობას შეაფასებს და ამის შემდეგ გადაწყვეტს, დარჩება თუ არა იგი გუნდში.

გასულ სეზონში მადრიდული გრანდის კაპიტანმა ყველა ტურნირზე ერთად 46 მატჩი ჩაატარა, 44 გოლი გაიტანა და 15 შედეგიანი პასიც მიითვალა.