უცნაური გარიგება - რეალი ფორვარდს სერია ა-ში უფასოდ უშვებს
მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი ლუკა იოვიჩი კარიერას სერია ა-ს კლუბში გააგრძელებს.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, სერბი ფორვარდი „ფიორენტინაში“ გადავა, რომელთანაც კონტრაქტს 2024 წლამდე გააფორმებს, კიდევ ორი წლით გახანგრძლივების შესაძლებლობით.
„რეალი“ და „ფიორენტინა“ გარკვეული დროის მანძილზე იოვიჩის იჯარაზე აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს, თუმცა საბოლოოდ სრულფასოვან ტრანსფერზე მოილაპარაკეს.
„იები“ სერბის სანაცვლოდ ფულს არ გადაიხდიან, „რეალი“ ფეხბურთელს უფასოდ გაუშვებს, თუმცა შემდგომი გაყიდვის 50%-ს დაიტოვებს. ანუ, თუ „ფიორენტინ“ იოვიჩის გაყიდვას გადაწყვეტს, თანხის ნახევარი „რეალისთვის“ ექნება გადასახდელი.
იოვიჩი „რეალში“ 2019 წელს „აინტრახტ ფრანკფურტიდან“ გადავიდა, თუმცა მისი ტრანსფერი წარმატებული ვერ გამოდგა.