ხელფასები მცირდება, ფული აღარაა, კრიზისი იწყება - რა ხდება ქართულ კლუბებში?
მანამ, სანამ ეროვნულ ლიგაში დიდი შესვენებაა, ქართული ფეხბურთს გულშემატკივარი ევროტურნირებზეა გადართული.
20 ივლისს, საქართველოს ჩემპიონატში სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნა და როგორც ხდება ხოლმე, უკვე ბევრი შიდა ტრანსფერიც განხორციელდა.
თუმცა არავინ იცის, რომ აგვისტოში, როცა სეზონი განახლდება, რამდენიმე გუნდს კრიზისი ექნება და ეს პროცესი უკვე დაწყებულია.
ჩვენი ინფორმაციით, ბოლნისის "სიონის" ფეხბურთელებს ხელფასი 50-70%-ით შეუმცირეს და გუნდი 5-6-მა მოთამაშემ დატოვა, იგეგმება კიდევ რამდენიმეს წასვლა.
ანალოგიური სიტუაციაა "თელავში." კახური კლუბიდან ყველა ის ფეხბურთელი წავიდა, ვინც სეზონის პირველ ნახევარში შედეგი დადო, მათ შორის მთავარი მწვრთნელი გიორგი ჭელიძეც.
ჩვენივე ცნობით, "გაგრას" ფეხბურთელებს ამ სეზონში განახევრებულ ხელფასებს უხდიდნენ, რამდენიმე თვე კი უხელფასოდ იყვნენ და ამან გამოიწვია ის, რომ კლუბი ყველა ლიდერმა დატოვა, ამან გამოიწვია ისიც, რომ გაგა კირკიტაძის გუნდს ზედიზედ 8 თამაშიანი მოუგებელი სერია აქვს.
"საბურთალო", რომელიც ევროტურნირებზე გამოდის, ხელფასებს 2 თვის განმავლობაში არ გასცემდა, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე წავიდა მწვრთნელი, წავიდნენ მოთამაშეები და თბილისურ კლუბს კონფერენს ლიგაზე გამოსვლა ახალი თავკაცითა და შედარებით მოუმზადებელი გუნდით მოუწია. ევროტურნირების წინ, თბილისელებმა დავალიანება დაფარეს.
რა სიტუაციაა თბილისის "ლოკომოტივში", ამაზე ბევრი საუბარი არც ღირს, ყველაფერს შედეგები ამბობს - 20 მატჩი, 19 წაგება.
საინტერესოა, რა მდგომარეობაში შეხვდებიან ეს გუნდები სეზონის მეორე ნახევრის დაწყებას.
ავტორი: ბაჩო ცალუღელაშვილი