ავტორიზაცია

VIDEO: მოგებული თამაში წავაგეთ – ვაისმა ბოლო წამებზე კუთხურიდან ჩაგვიხვია

თარიღი 13 Jul 2022, 23:45

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო 1/8 ფინალური მატჩის ეგიდით, ბათუმის "დინამომ" ბრატისლავას "სლოვანს" უმასპინძლა.

პირველი მატჩის მსგავსად, "აჭარაბეთ არენაზე" გამართული შეხვედრის ძირითადი დროც უგოლოდ დასრულდა და დამატებითი 30 წუთი ვიხილეთ.

სამწუხაროდ, ექსტრა ტაიმში დავმარცხდით და ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის საგზურისთვის ბრძოლას გამოვეთიშეთ - 1:2.

არადა, 104-ე წუთზე ბათუმელები დაწინაურდნენ - სტუმართა კარი ვლადიმერ მამუჩაშვილის გადაცემით ზურიკო დავითაშვილმა აიღო.

115-ე წუთზე ბრატისლაველებმა სომეხი ნახევარმცველის, ტიგრან ბარსეგიანის ზუსტი დარტყმით წონასწორობა აღადგინეს.

ყველაფერი თერთმეტმეტრიანების სერიამდე მიდიოდა, მაგრამ... ბოლო, 123-ე წუთზე ვლადიმერ ვაისმა ("სლოვანის" მთავარი მწვრთნელის, ვლადიმერ ვაისის შვილი) კუთხურიდან ჩაახვია და "დინამო" ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლას გამოთიშა.

ასე და ამგვარად, მომდევნო რაუნდში "სლოვანი" გავიდა, ხოლო ბათუმელები კონფერენს ლიგის შესარჩევ ეტაპზე გააგრძელებენ ასპარეზობას.