ავტორიზაცია

"პენალტების წინ ვიცოდი, რომ ყველა ქართული კლუბი დამარცხდა და ქვეყნის ღირსება ჩვენ უნდა დაგვეცვა" - ინტერვიუ მატჩის გმირთან

"პენალტების წინ ვიცოდი, რომ ყველა ქართული კლუბი დამარცხდა და ქვეყნის ღირსება ჩვენ უნდა დაგვეცვა" - ინტერვიუ მატჩის გმირთან
თარიღი 16 ივლ 2022, 17:24

"საბურთალო" ერთადერთი ქართული კლუბია, რომელმაც ევროტურნირებზე პირველი ეტაპი წარმატებით გადალახა.

პირველი საშინაო მარცხის შემდეგ, ნაკლებად ველოდით, რომ ალბანურ "პარტიზანს" გაცდებოდნენ, თუმცა გასვლით მატჩში ბოლომდე იბრძოლეს, საქმე პენალტებამდე მიიყვანეს და იქაც მოიგეს.

GOAL.GE-მ ინტერვიუ ამ წარმატების მთავარ შემოქმედთან, მეკარე თორნიკე მეგრელიშვილთან ჩაწერა, რომელიც მთელი თამაში დამაჯერებლად იდგა და პენალტების სერიაში 2 ბურთი მოიგერია.

პარტიზანთან განმეორებით მატჩზე

ჩვენი უპირატესობა პირველივე მატჩში გამოჩნდა, მათ ვჯობდით, მაგრამ არ გაგვიმართლა და წავაგეთ. მეორე მატჩში ძალები მოვიკრიბეთ, მწვრთნელის დავალებები შევასრულეთ და შემდეგ ეტაპზე გავედით. გასვლით მატჩში გულშემატკივრის წნეხიც დიდი იყო და ესეც დავძლიეთ. ბოლო ერთი კვირა ჩვენი საფიქრალი მხოლოდ გამარჯვება იყო და კარგია, რომ შრომა დაგვიფასდა.

ემოციები პენალტების სერიის შემდეგ

პენალტების სერიამდეც თავდაჯერებული ვიყავი. პირველი გაფუჭებული პენალტის შემდეგ, გათანაბრება შევძელი და თერთმეტმეტრიანი მოვიგერიე. ბოლოს კი უსაზღვრო ემოცია იყო, რომლის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია. ვხვდებოდი, რომ ამდენი ხალხი გავაბედნიერე და ამით მეც ბედნიერი ვიყავი.

პენალტების სერიის წინ, იცოდი თუ არა, რომ ყველა ქართულმა გუნდმა წააგო და მხოლოდ "საბურთალოს" მხრებზე იდგა ქართული ფეხბურთის ღირსება?

დიახ, ვიცოდი და ეს უფრო დიდი მოტივაცია იყო. მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ ჩვენს თავში ძალები გვეპოვნა, მოგვეგო და ქართველი გულშემატკივარი გაგვეხარებინა.

პარტიზანთან მატჩებამდე, შიდა ჩემპიონატში გაგრასთან შეცდომა დაუშვი, რის ხარჯზეც გუნდმა ქულები დაკარგა. როგორ გადალახე ეს ყველაფერი ფსიქოლოგიურად, ამ მნიშვნელოვანი მატჩის წინ?

გეთანხმებით, იმ შეცდომამ ფსიქოლოგიურად ჩემზე ძალიან ცუდად იმოქმედა და არ მინდოდა, ევროტურნირების წინ ასეთი რამ მომხდარიყო, მაგრამ მთავარია, დაცემის შემდეგ ფეხზე როგორ ადგები. საბედნიეროდ, ფეხზე წამოდგომა შევძელი და ევროტურნირებზე ყველაფერმა კარგად ჩაიარა.

შანსები სტიაუასთან

სტიაუასთან მატჩზე ჯერ კლუბში არ გვისაუბრია. კარგად დავისვენებთ და ამის შემდეგ დავიწყებთ ახალი ეტაპისთვის მზადებას. სტიაუა კარგი გუნდია, თუმცა ჩვენ ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ და რა თქმა უნდა, თავს არც ამ მატჩებში დავზოგავთ.

ავტორი: ბაჩო ცალუღელაშვილი