ავტორიზაცია

MARCA: რაულს ესპანიოლის გაწვრთნა შესთავაზეს, რეალის ლეგენდის პასუხმა არ დააყოვნა

MARCA: რაულს ესპანიოლის გაწვრთნა შესთავაზეს, რეალის ლეგენდის პასუხმა არ დააყოვნა
თარიღი 18 ივლ 2022, 16:57

"რეალის" ყოფილ თავდამსხმელს, რაულ გონსალეს ბლანკოს, რომელიც ამჟამად მადრიდელთა სარეზერვო გუნდ "კასტილიას" უდგას სათავეში, "ესპანიოლის" გაწვრთნა შესთავაზეს, მაგრამ უარი თქვა.

როგორც გავლენიანი გამოცემა Marca იტყობინება, 45 წლის სპეციალისტმა კატალონიური გუნდის ჩაბარებას "ბლანკოსის" სტრუქტურაში დარჩენა ამჯობინა.

მოგეხსენებათ, რაულმა ფეხბურთელის რანგში "რეალის" სტრუქტურაში 18 წელიწადი გაატარა. ლეგენდარულმა თავდამსხმელმა "სამეფო კლუბის" რიგებში ჩატარებულ 739 მატჩში 332 გოლი გაიტანა და 114 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

2010 წლიდან 2012 წლამდე რაული გერმანული "შალკეს" ღირსებას იცავდა, მოგვიანებით კი ყატარულ "ალ სადსა" და MLS-ის კლუბ "ნიუ იორკ კოსმოსში" იასპარეზა. 2018 წლის ზაფხულიდან იგი "რეალის" სისტემაში მუშაობს.

ცნობისთვის, გასულ სეზონში "ესპანიოლმა" ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 38 მატჩში მოპოვებული 42 ქულით მე-14 ადგილი დაიკავა.