ავტორიზაცია

დინამო თბილისი სულ სხვა რადარზე გადადის - ვინ უნდა იყოს კლუბის ახალი მმართველი?

დინამო თბილისი სულ სხვა რადარზე გადადის - ვინ უნდა იყოს კლუბის ახალი მმართველი?
თარიღი 21 ივლ 2022, 14:13

დღეს, "დინამო თბილისის" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ კლუბის გასხვისების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და ამაზე განცხადებაც გააკეთა.

ფიფია "დინამოს" 2011 წლიდან ხელმძღვანელობს და მის 11 წლიან მოღვაწეობაში კლუბი ევროტურნირებზე ერთხელაც არ გასულა.

წელს კი ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა მორიგი სამარცხვინო მარცხი იწვნია და კონფერენს ლიგის პირველივე ეტაპზე ესტონურ "პაიდესთან" წააგო.

"ამჟამად მოლაპარაკების პროცესში ვარ ინვესტორებთან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან დინამო თბილისის შეძენით ან კლუბში შესაბამისი ინვესტიციის განხორციელებით.", - ეს რომან ფიფიას მიერ გაკეთებული განცხადების ამონარიდია.

საინტერესოა, ვინ არიან ინვესტორები, ვისაც "დინამოს" ყიდვა სურთ? - ფაქტი ერთია, გასხვისების შემდეგ, კლუბი სულ სხვა ეტაპზე გადავა.

ისიც საინტერესოა, რამდენად აფასებს ფიფია "დინამოს?" - 100 მილიონი? თუ 200? - კლუბს ქვეყანაში საუკეთესო ინფრასტრუქტურა აქვს - გამორჩეული აკადემია, გამორჩეული ბაზა, ისტორიული არენა.

ბოლო წლებია, სხვადასხვა სანდო, თუ არასანდო გამოცემებში ხშირად იწერება, რომ  ბიძინა ივანიშვილის შვილს, მომღერალ ბერა ივანიშვილს ქართული კლუბის ყიდვა სურს.

როცა რომან ფიფია "დინამოს" გაყიდვას არც კი განიხილავდა, ბერას ამ კლუბის ყიდვა და დიდი ინვესტიციის ჩადება ჯერ კიდევ მაშინ სურდა.

"დროა, საქართველოსაც ჰყავდეს ძლიერი კლუბი, რომელიც სხვადასხვა ტურნირებზე თავის სიტყვას იტყვის... ქართული ფეხბურთის ერთ-ერთ კლუბს ვიყიდი და მსოფლიოში საუკეთესო კლუბად ვაქცევ. ასევე, მსურს ბევრმა ბიზნესმენმა რამდენიმე კლუბი იყიდოს და ასე საქართველოს ჩემპიონატი უფრო წინ წაიწევს, ასევე, ეროვნული ნაკრებიც და ჩვენ ყველა დაგვაფასებს ფეხბურთში", - ეს ბერა ივანიშვილის კომენტარია, რომელიც მან რამდენიმე წლის წინ გააკეთა.

ახლა კი იდეალური დროა, რომ მან ის გეგმა, რაც დასახული ჰქონდა, ვგულისხმობთ ქართული კლუბის შეძენას, შეასრულოს და "დინამო" სხვა დონეზე გადაიყვანოს.

გავიხსენოთ თბილისის მერის და ქართული ფეხბურთის ლეგენდის, კახა კალაძის სიტყვებიც, რომელიც მან ფარერების გუნდთან სამარცხვინო წაგების შემდეგ თქვა.

"ფარერებთან წაგება იყო სამარცხვინო უბრალოდ. ამხელა ანგარიშით თბილისის დინამო, ამხელა ისტორიის მქონე გუნდი... მე არ ვიცი ფეხბურთელებს რა დამოკიდებულება აქვთ, ვინც ამ გუნდში თამაშობს. ან ისტორიას გადახედონ, ან ის ნახონ, ვინ თამაშობდა ამ კლუბში. ცოტა სხვა მიდგომებია საჭირო, სხვა დამოკიდებულებაა საჭირო, თან მარტო თბილისის დინამო ხომ არაა, ქვეყანას წარმოადგენს, პირველი გუნდია საქართველოში და რა ვიცი. ფიფიას მუშაობას ძალიან ცუდად ვაფასებ. პიროვნულად მასთან არანაირი ის არა მაქვს... სუფთად ფეხბურთიდან გამომდინარე ვამბობ, რომ ძალიან სუსტი მენეჯერია!"

არ არის გამორიცხული, ფიფია სხვა, უცხოელ ინვესტორებთან აწარმოებდეს მოლაპარაკებებს, ვისთვისაც ქართული კლუბის ყიდვა სარფიანი იქნება.

ისე კი, ბიზნესმენები, ოლიგარქები და სხვა მაღალჩინოსნები, იმედია მალე მივლენ იმ აზრამდე, რომ ხალხის გულის მოგება, საქართველოს მოსახლეობის სრული უმრავლესობის გახარება და მათგან მხარდაჭერის მოპოვება, ყველაზე მეტად საფეხბურთო წარმატებით შეგვიძლია, რასაც უკვე წლებია ველოდებით. მითუმეტეს, თუ ეს წარმატება ქართული ფეხბურთის ფლაგმანისგან და ყველაზე ტიტულოვანი კლუბისგან - "დინამო თბილისისგან" იქნება.

ავტორი: ბაჩო ცალუღელაშვილი