ავტორიზაცია

"გვარდიოლა ცოტა შეშლილია და ეს მომწონს", - ჰოლანდი მანჩესტერ სიტიში დებიუტის შემდეგ

"გვარდიოლა ცოტა შეშლილია და ეს მომწონს", - ჰოლანდი მანჩესტერ სიტიში დებიუტის შემდეგ
თარიღი 24 ივლ 2022, 17:22

"დორტმუნდის" აწ უკვე ყოფილმა თავდამსხმელმა, ერლინგ ჰოლანდმა "მანჩესტერ სიტიში" დებიუტის შემდეგ განცხადება გააკეთა.

ნორვეგიელმა სუპერვარსკვლავმა ინგლისურ კლუბში გადასვლის შემდეგ პირველი შეხვედრა ჩაატარა და "ბაიერნს" (1:0) გაუტანა. 22 წლის ფორვარდი მე-40 წუთზე "ქალაქელთა" სხვა ახალწვეულმა, ხულიან ალვარესმა შეცვალა.

აღსანიშნავია, რომ ერლინგი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

"კარგი დასაწყისია, შესანიშნავი გოლი გავიტანე, ბრწყინვალე ატმოსფერო იყო. ასე რომ, ყველაფერმა მშვენივრად ჩაიარა. დიდი მოლოდინი მაქვს. ვფიქრობ, ძალიან კარგი სეზონი იქნება".

"გვარდიოლა ცოტა შეშლილია და ეს მომწონს. ყველაფერი სახალისო იქნება. "მანჩესტერ სიტიში" ჯერ მხოლოდ ერთი კვირა გავატარე, ამიტომაც ბევრს ვერაფერს ვიტყვი. მაგრამ კარგად ვივარჯიშე. მზად ვარ იმისათვის, რაც წინ გველოდება".

"საოცარი იყო. მატჩს 80 ათასი მაყურებელი დაესწრო, რომლებიც მხარს გვიჭერდნენ და ხმაურობდნენ. თამაშმა ბრწყინვალე ატმოსფეროში ჩაიარა, შესანიშნავ სტადიონზე. პირველი გოლის აქ გატანა მშვენიერი იყო", - ციტირებს ჰოლანდის სიტყვებს VG.