ავტორიზაცია

ხელის შეწმენდა ერთ ფეხბურთელზე - რატომ გაუშვა ბათუმმა ლაზარე კუპატაძე გუნდიდან?

ხელის შეწმენდა ერთ ფეხბურთელზე - რატომ გაუშვა ბათუმმა ლაზარე კუპატაძე გუნდიდან?
თარიღი 25 Jul 2022, 13:40

დღეს დადასტურებული ინფორმაციით, "დინამო ბათუმსა" და მეკარე ლაზარე კუპატაძეს შორის კონტრაქტი გაწყდა.

ჩვენი ინფორმაციით, კონტრაქტის გაწყვეტა მხოლოდ ერთი მხარის სურვილი იყო - ლაზარეს გუნდიდან წასვლა არ უნდოდა და მისი მიზანი, კრახის მიუხედავად, შემდეგ მატჩებში ორმაგი მოტივაციით გასვლა და შეცდომების გამოსწორება იყო.

თუმცა როგორც ჩანს, კლუბის ხელმძღვანელობის და სამწვრთნელო შტაბის აზრით, "დინამო ბათუმის" ევროასპარეზზე წარუმატებელი გამოსვლის მიზეზი ლაზარე კუპატაძე იყო და კლუბმა მისი გაშვება ამიტომ გადაწყვიტა.

"სლოვან ბრატისლავასთან" პირველი დიდებული თამაშის შემდეგ, კუპატაძეს მომდევნო მატჩებში ჩავარდნა მართლაც ჰქონდა და რამდენიმე გოლიც მისი შეცდომით გავიდა, მაგრამ კუპატაძეა გუნდის წარუმატებლობის მთავარი მიზეზი?

რა თქმა უნდა, არა! ამის მიზეზი არც კუპატაძეა და არც კუთხურის დროს ძელთან არ დამდგარი მცველი. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი თუნდც მაღალი დონის ლეგიონერის გარეშე თამაშია, მხოლოდ ეროვნული ლიგის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელებით რომ ევროტურნირებზე მიზანს ვერ მიაღწევ, გასული წლების მაგალითებმაც გვაჩვენა, ბოლო წლებში კი აჭარულმა კლუბმა ათობით ლეგიონერი ჩამოიყვანა, თუმცა ვეცერთმა გაამართლა. ამ თემას მოგვიანებით დავუბრუნდეთ.

გასულ წელს რომ ლაზარემ დინამოელთა ჩემპიონობაში უდიდესი წვლილი შეიტანა, ბევრი ტოპ მატჩი ჩაატარა და გადამწყვეტ მომენტებში გუნდს ულიდერა, ამაზე საუბარიც არ ღირს.

საინტერესოა, სწორი გადაწყვეტილება იყო საქართველოს ნაკრების მეკარის, გუნდის ერთ-ერთი მთავარი ლიდერის და ფეხბურთელის, რომელმაც მთელ ბათუმს 2 წელიწადში თავი შეაყვარა, ერთ მატჩში დაშვებული შეცდომების გამო გუნდიდან გაშვება?

ავტორი: ბაჩო ცალუღელაშვილი