რონალდუ მანჩესტერ იუნაიტედიდან შესაძლო წასვლაზე გავრცელებულ ცნობებს გამოეხმაურა
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ ეხმაურება გავრცელებულ ცნობებს იმის შესახებ, რომ კლუბიდან წასვლა სურს.
37 წლის პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა ინსტაგრამზე გულშემატკივართა მიერ შექმნილ გვერდზე გამოქვეყნებული პოსტის ქვეშ კომენტარი დატოვა.
რონალდუ შემდეგი შინაარსის პოსტს გამოეხმაურა: "ჟორჟე მენდეშმა "მანჩესტერ იუნაიტედს" აცნობა, რომ კრიშტიანუ რონალდუს წასვლა უნდა. მოლაპარაკებებმა არცთუ ისე პოზიტიურად ჩაიარა, მენდეში ტრანსფერის გაჩარხვაში დარწმუნებული არ არის. საქმეში ჩაერთო სერ ალექს ფერგიუსონი. "იუნაიტედი" პოზიციას არ იცვლის - რონალდუ არ იყიდება".
კრიშტიანუმ ამ პოსტის ქვეშ დაწერა: "შეუძლებელია ჩემზე ერთი დღეც კი არ ილაპარაკონ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, მედია ფულს ვერ გამოიმუშავებს. ხომ იცით, თუ არ იტყუები, ხალხის ყურადღებას ვერ მიიპყრობ. ასე გააგრძელეთ. იქნებ ერთ დღეს სიმართლე გამოაქვეყნოთ 😂👍".
მოგეხსენებათ, როგორც აღინიშნება, 37 წლის პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს "მანჩესტერ იუნაიტედის" დატოვება და იმ გუნდში გადასვლა უნდა, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე იღებს მონაწილეობას.