VIDEO: ფეხბურთელი, რომლის გვარის გამოცხადებასაც კამპ ნოუს გამაყრუებელი სტვენა მოჰყვა
„ბარსელონას" გულშემატკივრები გუნდის ფორვარდს, მარტინ ბრეიტვეიტს ცივად დახვდნენ.
ჟოან გამპერის თასის მატჩის წინ, რომელშიც კატალონიური კლუბი მექსიკურ „პუმასს" დაუპირისპირდა და 6:0 მოიგო, სტადიონის დიქტორი სასტარტოში და სათადარიგოზე მყოფი ფეხბურთელების გვარებს აცხადებდა.
დანიელი თავდამსხმელის სახელის გამოცხადების დროს, სტადიონზე გამაყრუებელი სტვენა გაისმა და გულშემატკივრებმა ამ გზით ფეხბურთელით უკმაყოფილება გამოთქვეს.
„ბარსელონას" ხელმძღვანელობამ ბრეიტვეიტს რამდენჯერმე გასაგებად უთხრა, რომ მასზე გეგმებს არ ამყარებს და უმჯობესია, მან გუნდი დატოვოს, თუმცა ფეხბურთელი რჩევას არ ითვალისწინებს და კლუბიდან წასვლაზე უარს აცხადებს.
დაიწერა, რომ მარტინი მხოლოდ დიდ გუნდში გადასვლას დათანხმდება, თუმცა მისით დაინტერესებას მხოლოდ ლა ლიგის ქვედა ეშელონის გუნდები გამოთქვამენ, რაც ფეხბურთელის „მადას" ვერ აკმაყოფილებს და შესაბამისად, ის „კამპ ნოუზე" აპირებს დარჩენას.