ავტორიზაცია

ფეხბურთელი, რომელსაც რეალი უკვე რამდენიმე სეზონია ვერ იშორებს

ფეხბურთელი, რომელსაც რეალი უკვე რამდენიმე სეზონია ვერ იშორებს
თარიღი 08 აგვ 2022, 12:56

"რეალის" თავდამსხმელმა, მარიანო დიასმა წასვლაზე უარი განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ მადრიდულ გრანდში იგი არ სჭირდებათ.

დომინიკელმა "სამეფო კლუბის" ხელმძღვანელობას  დიდი ხნის წინ აცნობა დარჩენის სურვილის შესახებ. მას შემდეგ მისი პოზიცია არ შეცვლილა. მარიანოს "რეალში" დარჩენა 2023 წლის ზაფხულამდე გათვლილი კონტრაქტის ამოწურვამდე სურს, რათა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხელფასი სრულად აიღოს, წერს Marca.

მადრიდში 29 წლის ფორვარდი წლიური ანაზღაურების სახით 4,5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს და არცერთი სხვა ესპანური გუნდი ვერ შესთავაზებს მას ამდენს. ხოლო ის უცხოური კლუბები, რომლებსაც ამხელა ხელფასის გადახდა შეუძლიათ, ინტერესს არ იჩენენ.

მარიანომ "რეალს" მკაფიოდ გააგებინა, რომ დათმობაზე არ წავა და ხელფასის არანაირ ნაწილზე არ იტყვის უარს.

კლუბში ასეთი მდგომარეობით გაკვირვებულები არ არიან, რადგან მარიანო უკვე ზედიზედ სამი სეზონია მაღალი ანაზღაურების გამო "ბლანკოსიდან" წასვლაზე უარს აცხადებს. ფორვარდს არ აღელვებს ის ფაქტი, რომ სათამაშო დრო პრაქტიკულად არ ექნება. "რეალში" გატარებულ ოთხ სეზონში მან 18810 შესაძლო წუთიდან მხოლოდ 1907 წუთი ითამაშა.

მიუხედავად ლუკა იოვიჩისა და ბორხა მაიორალის წასვლისა, მადრიდულ გრანდში დიასის მდგომარეობა არ შეიცვლება. კარლო ანჩელოტი კარიმ ბენზემას ალტერნატივად ედენ აზარის, როდრიგო გოესისა და მარკო ასენსიოს გამოყენებას გეგმავს.

"რეალში" მარიანოს საქციელით უაღრესად იმედგაცრუებულები არიან, რადგან სპორტული ამბიციების სრული არქონა არ არის იმ კლუბის ღირებულებების შესაფერისი, რომლის აღზრდილიც გახლავთ.