ავტორიზაცია

იდეალური ბალანსი, შედეგი ჩემპიონთა ლიგა - ის, რაც ქართულმა კლუბებმაც უნდა გააკეთონ!

იდეალური ბალანსი, შედეგი ჩემპიონთა ლიგა - ის, რაც ქართულმა კლუბებმაც უნდა გააკეთონ!
თარიღი 10 აგვ 2022, 01:50

ჩემპიონთა  ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "ყარაბახმა" სტუმრად უნგრული "ფერენცვაროში" 1:3 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში გავიდა.

აზერბაიჯანულ კლუბს ერთი ნაბიჯი აშორებს, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში კიდევ ერთხელ შევიდეს, თუ არადა, ევროპა ლიგის ჯგუფი გარანტირებული აქვს.

რამ განაპირობა მათი წარმატება? - სწორმა მენეჯმენტმა, რაც კლუბებში წარმატების უმთავრესი ფორმულაა.

დღევანდელ მატჩში, "ყარაბახს" იდეალური ბალანსი ჰქონდა დაჭერილი - სასტარტო 11-ეულში 6 აზერბაიჯანელი ფეხბურთელი იყო, 5 კი ლეგიონერი. ეს ლეგიონერებიც ვერ ვიტყვით, რომ ტოპ კლუბებ გამოვლილი კარიერით არიან. უბრალოდ, იმდენი გამოცდილება და დონე აქვთ, რომ "ყარაბახს" ევროტურნირებზე გასასვლელად ყოფნის.

მაგალითად, დუბლის ავტორი სენეგალელი ვაჯი 27 წლისაა და "ყარაბახამდე" ნორვეგიის, შვედეთისა და თურქეთის ჩემპიონატებში თამაშობდა. 30 წლის ფრანგი ზუბირი "ლანსის" ფეხბურთელი იყო და მეხუთე წელია "ყარაბახში" თამაშობს. 26 წლის ბრაზილიელი ნახევარმცველი კადი კი საერთოდ პორტუგალიის მეორე ლიგიდან მივიდა, ამ ფეხბურთელებს დამატებული გამორჩეული აზერბაიჯანელი ფეხბურთელები და შედეგად მივიღეთ ის, რომ "ყარაბახი" ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფშია. Transfermarkt-ზე "ყარაბახის" ფეხბურთელების ჯამური ღირებულება მხოლოდ 14 მილიონი ევროა.

ჩვენი ქვეყნის ჩემპიონს "დინამო ბათუმს", "ყარაბახის" მსგავსად, ადგილბრივი გამორჩეული ფეხბურთელები ნამდვილად ჰყავს, თუმცა მთავარი პრობლემა ლეგიონერებშია. ჯერჯერობით, არცერთ ქართულ გუნდს არ ჩამოუყვანია ის ხარისხიანი 3-4 უცხოელი ფეხბურთელი, ვინც შედეგის მოტანის წინაპირობაა. 

გასაგებია, ფინანსებიც, თუმცა ბათუმური კლუბის პრეზიდენტი ყველა ინტერვიუში იმას ამბობს, რომ "დინამო ბათუმის" ბიუჯეტი დღითდღე იზრდება და რეკორდებულ ციფრებს აღწევს და კლუბს იმის რესურსი არ აქვს, რომ რამდენიმე ხარისხიანი ლეგიონერი ჩამოიყვანოს? - ბოლო ცნობებით, აჭარული გუნდის ბიუჯეტი მინიმუმ 10 მილიონს შეადგენს...

ავტორი: ბაჩო ცალუღელაშვილი