ავტორიზაცია

BREAKING: მანჩესტერ იუნაიტედი კაზემიროს ტრანსფერზე მუშაობს

BREAKING: მანჩესტერ იუნაიტედი კაზემიროს ტრანსფერზე მუშაობს
თარიღი 16 აგვ 2022, 17:33

ფრენკი დე იონგის ტრანსფერის ჩავარდნის გამო, „მანჩესტერ იუნაიტედი“ მადრიდის „რეალის“ საყრდენით დაინტერესდა.

Marca-ს ინფორმაციით, „წითელმა ეშმაკებმა“ შესაძლოა ბრაზილიელი კაზემიროს გადაბირება სცადონ.

30 წლის ფეხბურთელი მრავალი წელია „რეალის“ სასტარტოს უცვლელი წევრია და ის გუნდის ყველა ბოლოდროინდელი წარმატების ერთ-ერთი შემოქმედიც არის, თუმცა ამ ზაფხულს „რეალმა“ მის პოზიციაზე ახალგაზრდა ორელიან ჩუამენი დაიმატა.

ესპანური პრესა წერდა, რომ ჩუამენის ძვირადღირებულმა ტრანსფერმა კაზემიროს კითხვები გაუჩინა, თუმცა შემდეგ კარლო ანჩელოტი მას პირადად ელაპარაკა და ნდობა გამოუცხადა.

კონკრეტულად ამ დროისთვის, „რეალს“ კაზემიროს თაობაზე ჯერ ოფიციალური შეთავაზება არ მიუღია, ბრაზილიელი ტრანსფერზე არ არის დაყენებული, არც თავად სურს გუნდის შეცვლა და როგორც მადრიდული წყაროები იუწყებიან, „მანჩესტერს" მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება შანსი, თუ გააკეთებს შეთავაზებას, რომელზე უარის თქმაც შეუძლებელი იქნება.