კაზემიროს ტრანსფერი მანჩესტერ იუნაიტედში დროის ამბავია
მადრიდის „რეალის“ საყრდენი ნახევარმცველი, კარლოს ენრიკე კაზემირო, კარიერას „მანჩესტერ იუნაიტედში“ გააგრძელებს.
როგორც უკლებლივ ყველა ავტორიტეტული ჟურნალისტი და მათ შორის, ფაბრიციო რომანო იტყობინება, „წითელ ეშმაკებს“ სჯერათ, რომ ტრანსფერის დახურვა უბრალოდ დროის ამბავია.
ამჟამად კლუბები მოლაპარაკებების პროცესში ბოლო დეტალებს აგვარებენ, „იუნაიტედს“ ბრაზილიელი ჩამშლელი 60 მილიონი ევრო დაუჯდება, კიდევ 10 მილიონი კი ბონუსებით იქნება გათვალისწინებული.
კაზემირომ „მანჩესტერთან“ 4+1-წლიანი კონტრაქტი შეათანხმა, რომელსაც ხელს უახლოეს პერიოდში მოაწერს, მას შემდეგ, რაც გუნდთან სამედიცინო შემოწმებას გაივლის.
მანჩესტერულ კლუბს სურდა, რომ კაზემიროს „ლივერპულთან" 22 აგვისტოს გასამართ მატჩში მიეღო მონაწილეობა, თუმცა უახლოესი 24-48 საათი გარკვეული დეტალების მოგვარებას დასჭირდება, მაგალითად ფეხბურთელის ბრიტანული ვიზის გაფორმებას. შესაბამისად, მისი მონაწილეობა „ოლდ ტრაფორდზე" გასამართ მატჩში ამჟამად ნაკლებად არის სავარაუდო.
30 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი „რეალის“ მეორე გუნდს 2013 წელს მშობლიური „სან პაულუდან“ შეუერთდა, თუმცა ძირითად გუნდშიც მალევე ჰქონდა დებიუტი - 2016 წელს კი, მან გუნდის სასტარტოში ადგილი მოიპოვა და მას შემდეგ, აღარც დაუკარგავს.
„რეალთან“ ერთად კაზემირომ ყველა შესაძლო ტიტული არაერთხელ მოიგო, მათ შორის ჩემპიონთა ლიგა - ხუთჯერ.