ავტორიზაცია

დიეგო კოშტა პრემიერ ლიგაში ბრუნდება - ფაბრიციო რომანო

დიეგო კოშტა პრემიერ ლიგაში ბრუნდება - ფაბრიციო რომანო
თარიღი 05 სექ 2022, 20:08

„ატლეტიკოს“ და „ჩელსის“ ყოფილი სკანდალური ფორვარდი, დიეგო კოშტა, პრემიერ ლიგაში დაბრუნებასთან ახლოსაა.

როგორც ავტორიტეტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იტყობინება, თავდამსხმელის დამატების სურვილი „ვულვერჰემპტონმა“ გამოთქვა. 

მხარეებმა კონტრაქტის დეტალები შეათანხმეს და „მგლებმა“ სამედიცინო შემოწმების ვადაც დათქვეს. ერთადერთი, რაც ახლა დარჩენილია - ფეხბურთელის საბოლოო თანხმობაა.

„ვულვზი“ ელის, რომ ფეხბურთელი სამშაბათს ინგლისში ჩაფრინდება და სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც მხარეებს შორის კონტრაქტი ოფიციალურად გაფორმდება.

თანხმობის შემთხვევაში, კოშტა „ვულვერჰემპტონთან“ კონტრაქტს 2023 წლის ივნისამდე გააფორმებს.

დიეგო კოშტას უკანასკნელი გუნდი ბრაზილიური „ატლეტიკო მინეირო“ იყო, რომელიც მან 2021 წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და მას შემდეგ, გუნდის გარეშე იმყოფება.