ავტორიზაცია

იმაზე ახლოს, ვიდრე ოდესმე - გიორგი მამარდაშვილის მომავალი ვალენსიაში თითქმის გადაწყვეტილია

იმაზე ახლოს, ვიდრე ოდესმე - გიორგი მამარდაშვილის მომავალი ვალენსიაში თითქმის გადაწყვეტილია
თარიღი 08 სექ 2022, 21:50

როგორც ჩანს, გიორგი მამარდაშვილის მომავალი გადაწყვეტილია.

ვალენსიური გამოცემა El Desmarque თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ, გიორგი მამარდაშვილმა და „ვალენსიამ“ ახალ კონტრაქტზე შეთანხმებას მიაღწიეს.

სულ მალე, ქართველი გოლკიპერი „ღამურებთან“ ხელშეკრულებას 2027 წლამდე გააფორმებს, მისი გამოსასყიდი თანხა კი არც მეტი არც ნაკლები 100 მილიონი ევრო იქნება.

გამოცემა ხაზს უსვამს, რომ გასულ ზაფხულს „ვალენსიას“ გოლკიპერით სხვადასხვა გუნდები ინტერესდებოდნენ და ურეკავდნენ კიდეც, მაგრამ მამარდაშვილი „მესტალიაზე“ ბედნიერია და ყველა შემოთავაზება უარყო და იმასაც კი არ მიაქცია ყურადღება, რომ ჯერ კიდევ მოქმედი კონტრაქტით, მას გუნდში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ხელფასი აქვს.

კონკრეტული ციფრები არ სახელდება, მაგრამ ახალი კონტრაქტი მამარდაშვილის ხელფასის გაზრდასაც გაითვალისწინებს.

გიორგის თავდაჯერებასა და „ვალენსიაში“ დარჩენის სურვილში მნიშვნელოვანი როლი ჯენარო გატუზომ შეასრულა, რომელმაც ქართველს თავისი ნდობა გამოუცხადა და დაპირდა, რომ მის ადგილს გუნდის ძირითადში არაფერი ემუქრება.