ავტორიზაცია

ბოლო წლების ყველაზე თანაბარი ბაიერნი - ბარსელონა! ალიანც არენაზე დიდ ჯახს ველოდებით

ბოლო წლების ყველაზე თანაბარი ბაიერნი - ბარსელონა! ალიანც არენაზე დიდ ჯახს ველოდებით
თარიღი 13 სექ 2022, 11:28

დღეს, საფეხბურთო თვალსაზრისით ძალიან დიდი დღეა - ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ერთმანეთს მიუნხენის „ბაიერნი“ და კატალონიის „ბარსელონა“ დაუპირისპირდებიან.

შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე, მიუნხენში, ულამაზეს სტადიონზე, „ალიანც არენაზე“ გაიმართება

ბოლო წლებში, „ბაიერნი“ – „ბარსელონას“ დაპირისპირებას ერთი გუნდის მიერ მეორეს რბევის და განადგურების სახე მიეცა. ყველაფერი 2019/20-სეზონში დაიწყო, როცა პანდემიის პერიოდში, ჩემპიონთა ლიგამ დროებით სახე იცვალა და პლეი-ოფები ერთმატჩიან ფორმატში გაიმართა. ყველა შეხვედრას ერთი ქალაქი, ლისაბონი მასპინძლობდა და „ბაიერნმა“ მეოთხედფინალში მეტოქეს ლეგენდარული და უკვე ისტორიად ქცეული მარცხი 8:2 აგემა.

თუმცა, ბედმა გუნდები ერთმანეთს გასული სეზონის ჯგუფურ ეტაპზეც შეახვედრა, სადაც ორი მატჩის ჯამში „ბაიერნმა“ კვლავ გამანადგურებლად, 6:0 (3:0, 3:0) იმარჯვა. ხაზგასასმელია, რომ ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, „ბარსას“ ჯგუფიდან გასასვლელად მხოლოდ მოგება აკმაყოფილებდა, „ბაიერნს“ კი პირველი ადგილიც კი განაღდებული ჰქონდა. თუმცა, რა თქმა უნდა, გერმანელებმა მეტოქე არ დაინდეს და წლების შემდეგ პირველად, სათამაშოდ ევროპა ლიგაზე გაუშვეს.

თითქოს, რა შეიძლება შეცვალოს არასრულმა წელიწადმა? თურმე, ძალიან ბევრი რამ. „ალიანც არენაზე“ ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩის დროისთვის, ხავი გუნდში ახალი მოსული იყო, არ ჰყავდა შესაფერისი შემადგენლობა და სტრუქტურულადაც მოშლილ გუნდს წვრთნიდა, რის გამოც „ბარსას“ მიუნხენში გამარჯვება იდეის დონეზეც რთული წარმოსადგენი იყო.

რა ხდება წელს? „ბარსას“ ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო სატრანსფერო ფანჯარა ჰქონდა, გუნდმა მოიშორა ე.წ. „ბალასტი“, რომელიც ტყუილად ეჯდა მხრებზე და ახლა ძალიან ბრძოლისუნარიანი და ყველა ტიტულისთვის მებრძოლი გუნდის შთაბეჭდილებასაც ტოვებს.

ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ წლევანდელ დაპირისპირებაში, შარშანდელისგან და თუნდაც 2:8-ს მატჩისგან განსხვავებით, დღეს კატალონიური გუნდის მხარეს ამ დაპირისპირების ყველაზე დიდი ვარსკვლავი, რობერტ ლევანდოვსკი იქნება, რომელმაც მიუნხენი კატალონიაზე სწორედ აწ უკვე გასულ ზაფხულს გაცვალა და დღეს თავის ყოფილ გუნდს შეუტევს. 

თუ ყურადღებას არ მივაქცევთ, რომ მატჩი მიუნხენში ტარდება და ფავორიტს მხოლოდ სათამაშო ფორმიდან გამომდინარე შევარჩევთ, აქ უპირატესობა „ბარსელონას“ მხარეს გადადის - გუნდმა ლა ლიგა ჩინებულად დაიწყო. „რაიოსთან“ პირველ ტურში ნათამაშები ფრის შემდეგ, ყველა თამაში ისე მოიგო, რომ მხოლოდ 1 გოლი გაუშვა და თვითონ 15 გაიტანა - ყველაზე მეტი ლა ლიგაში (რეალთან ერთად). შედეგად, ხავის მუშაობით ყველა კმაყოფილი და ბედნიერია და სეზონს დიდი პერსპექტივებით უყურებენ.

განსხვავებული სიტუაციაა მიუნხენში, რომელიც გასულ ზაფხულს ტარგეტმენის გარეშე დარჩა და იულიან ნაგელსმანს შეტევის სრულად გადახალისება და დავალებების გადანაწილება უწევს, რაც ჯერ რთული სათქმელია, რამდენად წარმატებით გამოდის - 6 ტურის შემდეგ გუნდმა მხოლოდ 3 მატჩი მოიგო, უკანასკნელი 3 შეხვედრა კი ფრედ დაასრულა და ცხილში ლიდერობაც დაკარგა.

„ბარსელონა“ მოახლოვებულ დაპირისპირებას იმედიანად უყურებს - კენჭისყრამდე, ლევანდოვსკი ამბობდა, რომ მიუნხენელებთან შეხვედრას ჯგუფში ნამდვილად არ ისურვებდა, თუმცა ახლა კატალონიელების თქმით, ისინი მხოლოდ ერთი კი არა, ჯგუფში „ბაიერნთან“ ორივე მატჩის მოგებას აპირებენ.

სავარაუდო შემადგენლობები: 

ბაიერნი“: ნოიერი - პავარი, დე ლიგტი, ერნანდესი, დევისი, კიმიხი, საბიტცერი, სანე, მიულერი, გნაბრი, მანე

ბარსელონა“: ტერ შტეგენი, კუნდე, არაუხო, გარსია, ალბა, გავი, ბუსკეტსი, პედრი, რაფინია, ლევანდოვსკი, დემბელე.

საინტერესო ციფრები: 

ბაიერნმა ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო 32 შეხვედრიდან 30 არ წააგო

ბარსელონასთან ბოლო 4 მატჩში ბაიერნმა 3 ან მეტი გოლის გატანა მოახერხა

ბაიერნმა ბარსელონასთან ყველა ტურნირის ჩათვლით ბოლო 8 გამართული მატჩიდან 7 მოიგო

ბარსელონას ყველა ტურნირზე 5-მატჩიანი მოგებების სერია დაუგროვდა

ბოლო 3 მატჩია, ბარსელონა ბაიერნთან მარცხდება როგორც პირველი ტაიმის ბოლოს, ისე თამაშშიც. ანუ, გუნდებს შორის, სამი თამაშია არცერთი ტაიმის ბოლოს ფრე არ ფიქსირდებოდა.