ავტორიზაცია

კონკურენცია ნაკრებში, კვარაცხელიას ფაქტორი და მოახლოებული მატჩები - სანიოლის სრული პრესკონფერენცია

კონკურენცია ნაკრებში, კვარაცხელიას ფაქტორი და მოახლოებული მატჩები - სანიოლის სრული პრესკონფერენცია
თარიღი 15 სექ 2022, 15:39

ჩრდ.მაკედონიასთან და გიბრალტართან გასამართ მატჩების წინ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა.

ერთა ლიგის ჯგუფზე

ჩრდ.მაკედონია ჩვენი უშუალო კონკურენტია. ჩვენი მიზანი გამარჯვება და ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებაა. მათ პირველ მატჩში 3:0 მოვუგეთ, თუმცა პირველ ნახევარში პრობლემები და შეცდომები იყო. ვეცდებით, ეს შეცდომები გამოვასწოროთ.

ხვიჩა კვარაცხელიაზე

მესმის ის აჟიოტაჟი, რომელიც ახლა მის გარშემო ხდება. ჩემი შვილი რომ იყოს, მას ყოველდღე არ ვეტყოდი, რომ საუკეთესოა, რადგან ასე საუკეთესო ვერ გახდება. როცა ის რუბინში თამაშობდა, მის მიმართ დიდი კრიტიკა იყო, ახლა კი პირიქითაა. ძალიან მიხარია მისი პროგრესი, თუმცა ვთვლი, რომ ხვიჩას მიმართ ბალანსი უნდა ვიპოვოთ, მაქსიმუმს ჯერ არ მიუღწევია და ერთად უნდა დავეხმაროთ იმაში, რომ მაქსიმუმს მიაღწიოს.

სანიოლიც სპალეტის აზრზეა

სპალეტის ყველაფერში ვეთანხმები. ბულგარეთთან მატჩის შემდეგ მას მსგავსი სიტყვები ვუთხარი. ხვიჩა მატჩის ბედს ყოველთვის მარტო ვერ გადაწყვეტს და მარტო ვერ ითამაშებს. ის ჯერ მხოლოდ 21 წლისაა, მშრომელია და მჯერა, შეცდომებს გამოასწორებს. სპალეტიც კარგი სპეციალისტია და მას კვარასთვის მხოლოდ კარგი უნდა. ის კვარახცელიას პროგრესში დაეხმარება.

მიქაუტაძეზე და ლოჩოშვილზე

ბოლო 2 თვის მანძილზე მიქაუტაძეს და ლოჩოშვილს პროგრესი აქვთ. ჩემთვის უფრო გართულდა იმ გადაწყვეტილების მიღება, თუ ვინ იქნება სასტარტო შემადგენლობაში შემდეგ მატჩებში, უფრო მეტი ვარიანტია, მეტი კონკურენცია და ეს სასიხარულოა.

ლორია თუ მამარდაშვილი?

მოხარული ვარ, რომ ორი მაღალი დონის მეკარე გვყავს. ორივე კარგ ფორმაშია, კარგად თამაშობენ და ვინ ითამაშებს შემდეგ თამაშებში, ჯერ არ ვიცი. ყველაფერი შეიძლება სწრაფად შეიცვალოს. გვყავს ლაზარე კუპატაძეც, რომელიც ამჟამად უკლუბოდაა და ამიტომ არ გამოვიძახე. მან ჩვენთან ორჯერ ითამაშე და ორივეჯერ ძალიან კარგად. გვყავს შოვნაძე და ბევრი კარგი მეკარე, ვისაც კონკურენციის გაწევა შეუძლია.

საქართველოს ნაკრების პროგრესი

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე დასანანი მარცხები განვიცადეთ, რის შემდეგაც პროგრესი იყო და ამ ერთა ლიგაზე სულ სხვანაირად ვთამაშობთ, მეტი გამოცდილებით. ფეხბურთელები, რომლებიც დიდი ხანია ჩემთან არიან, მათ ჩემი ესმით, სამი ცენტრალური მცველი თამაშს შედეგი მოაქვს, კარგად ვიყენებთ და ჩვენი მიზანია, რომ ეს დადებითი დინამიკა და კარგი განწყობა შევინარჩუნოთ. 

ლუკა გაგნიძე რუსეთში

ბოლო პერიოდში ის კარგად თამაშობს. ის ფაქტორი, რომ რუსეთის ჩემპიონატში თამშობს, იდეალური არ არის. ბევრი ამბობს, რომ მან კლუბი უნდა შეიცვალოს, მაგრამ იოლი არ არის, რადგან ბევრი სხვა ფაქტორია. ლუკა ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელია და მომავალში ნაკრებს აუცილებლად დაეხმარება.