ავტორიზაცია

[პრევიუ] საქართველო VS ჩრდ.მაკედონია - სავსე დინამო არენა ნახევარფინალის საგზურის მოლოდინში

[პრევიუ] საქართველო VS ჩრდ.მაკედონია - სავსე დინამო არენა ნახევარფინალის საგზურის მოლოდინში
თარიღი 23 სექ 2022, 10:31

დღეს, 20 საათზე გაიმართება ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩი საქართველოსა და ჩრდ.მაკედონიის ნაკრებებს შორის.

მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე უკვე "დინამო არენაზე" დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდული იყო და ანშლაგის მოლოდინში ვართ.

საქართველოს ნაკრები ამ მნიშვნელოვან მატჩს ოპტიმალურ ფორმაში ხვდება. ერთადერთი, ტრავმის გამო ნაკრებს ჯიმი ტაბიძე გამოაკლდა, რომელიც გრიგოლ ჩაბრაძემ ჩაანაცვლა.

ჯგუფში 10 ქულით პირველ ადგილზე ვართ და ჩვენი მიზანი ორივე შეხვედრის მოგებაა, რათა ყველაზე მაღალი ქულები გვქონდეს და ნახევარფინალში უპირატესობა გვქონდეს.

ვილი სანიოლი: "არ მგონია იმას დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს თუ ვინ მიგვიჩნევს ფავორიტად. ერთა ლიგის დაწყებამდე ვთქვი, რომ ჩრდ.მაკედონია ჯგუფის ყველაზე ძლიერი გუნდი იყო, ჩვენ შეჯიბრება კარგად დავიწყეთ, ჯგუფს ვლიდერობთ და გვსურს დარჩენილ ორ შეხვედრაშიც სასურველი შედეგი დავაფიქსიროთ. ჩვენი მიზანი ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებაა. შეუძლებელია შეხვედრა ფრეზე ფიქრით დავიწყოთ, მსგავსი მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ იმუშავებს. წარმატების მიღწევის ერთადერთი სწორი გზა იმ ფეხბურთის თამაშია რამაც აქამდე მოგვიყვანა. თავი კარგად უნდა დავიცვათ, ხოლო როცა ბურთს მოვიპოვებთ, ჩვენი საუკეთესო თვისებები გამოვავლინოთ. მე ფსონებს არ ვდებ, ჩემთვის ფეხბურთი პირველ რიგში სპორტია და აქ ყველას აქვს შანსი. თუ ისეთ დისციპლინას ვაჩვენებთ, რაც აქამდე ვაჩვენეთ, სასურველ შედეგს მივაღწევთ. სრული შემადგენლობით მხოლოდ ერთი ვარჯიში ჩავატარეთ. 23 ფეხბურთელი მყავს და ყველას გამოყენება მსურს, თუმცა უპირატესობა იმათ მიენიჭებათ, რომელთაც კლუბში კარგი სათამაშო პრაქტიკა აქვთ და 90 წუთი სათამაშოდ მზად არიან. "

ბლაგოია მილევსკი: "ყოველთვის კონცენტრირებული ვარ ჩემს გუნდზე. კვარაცხელია დიდი მოთამაშეა, კარგ ფორმაშია, მაგრამ ვიცი, თამაშის ბედს მარტო ვერ გადაწყვეტს.  ფეხბურთი კოლექტიური თამაშია და მე ყოველთვის მჯერა ჩემი გუნდის. მიუხედავად იმისა, რომ ტრავმებთან დაკავშირებული პრობლემები გვაქვს და მოგვიწია შემადგენლობის განახლება და გაახალგაზდავება. ველოდები ჩემი გუნდის კარგ თამაშს და დადებით შედეგს. ",- მაკედონიის მთავარი მწვრთნელი.

საინტერესო ფაქტები

საქართველოს ნაკრებს უკვე ზედიზედ 9 თამაშია არ წაუგია (7 მოგება, 2 ფრე)

თუ დღეს საქართველოს ნაკრები არ დამარცხდება, ვილი სანიოლი თემურ ქეცბაიას რეკორდს გაიმეორებს, ზედიზედ 10 წაუგებელი მატჩი ნაკრებში.

საქართველოს ნაკრებს უკვე ზედიზედ 8 თამაშია პირველ ტაიმში გოლი არ გაუშვია.

როცა საქართველოს ნაკრების შემტევი ვაკო ყაზაიშვილი გოლს იტანს, ძირითადად, ნაკრები არ აგებს. ვაკომ გოლი 12 მატჩში გაიტანა და აქედან ნაკრებმა 11-ში არ წააგო (8 მოგება, 3 ფრე)

საქართველოს და ჩრდ.მაკედონიის ნაკრებები ერთმანეთს ისტორიაში სულ 4-ჯერ შეხვდნენ (ერთი მოგება, 2 ფრე, ერთი წაგება)

ამ ნაკრებებს მატჩი ბოლოს "დინამო არენაზე" 2020 წელს შედგა. ისტორიული შეხვედრა, ერთა ლიგის ფინალი მაკედონიის გამარჯვებით დასრულდა.

ნეაპოლელი თანაგუნდელეიბი ხვიჩა კვარაცხელია და ელმასი დღეს ერთმანეთის წინააღმდეგ ითამაშებენ.

საქართველო - ჩრდ.მაკედონია

23 სექტემბერი, 20:00
"დინამო არენა", თბილისი
მთავარი მსაჯი: ივან კრუჟლიაკი (სლოვაკეთი)


სავარაუდო შემადგენლობა:

(3-4-3)
მეკარე: გიორგი ლორია

მცველები: საბა კვერკველია, გურამ კაშია, დავით ხოჭოლავა

ნახევარდაცვა: ოთარ კაკაბაძე, ნიკა კვეკვესკირი, გიორგი აბურჯანია, გიორგი წიტაიშვილი

თავდასხმა: ზურიკო დავითაშვილი, ჟორჟ მიქაუტაძე, ხვიჩა კვარაცხელია

ავტორი: ბაჩო ცალუღელაშვილი