გართობა გზაში, ფეხბურთელების განწყობა, ხანგრძლივი ფრენა და ვოიაჟი კუნძულზე - რა ხდება გიბრალტარში მატჩამდე ერთ დღით ადრე?
ხვალ, საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩს სტუმრად, გიბრალტარის წინააღმდეგ გამართავს.
საქართველოს ნაკრებთან ერთად ვიმყოფებით და აქტიურად ვაშუქებთ მატჩის წინა, თუ შემდგომ მოვლენებს.
ეროვნული ნაკრები თბილისიდან მალაგაში ჩაფრინდა. 6 საათიანი ფრენის შემდეგ, ავტობუსით გიბრალტარში წავედით. მალაგადან გიბრალტარამდე დაახლოებით 2 საათის გზაა.
საკმაოდ დამღლელი მგზავრობის შემდეგ, დილით ნაკრები ქალაქში გავიდა, მსუბუქად ივარჯიშა, დაისვენა და საღამოს მატჩის წინა, დასკვნითი ვარჯიში გამართა.
მოედანზე უკვე რამდენიმე თვეა ვხედავთ, თუ რა შეკრული ნაკრებია და ეს შეკრულობა მოედნის მიღმა უფრო მეტად ჩანს. გუნდში კარგი განწყობა იყო, გზაში ფეხბურთელები სხვადასხვა აქტივობებითაც დაკავდნენ. თვითმფრინავში სპეციალურ სტუმარსაც შევხვდით - ყველასთვის ცნობილი გადაცემის "რა? სად? როდის?" წამყვანი გიორგი მოსიძე საქართველოს ნაკრებთან ერთადაა და ამჯერად, ინტელექტუალური თამაში ფეხბურთელებთან ითამაშა. დაძაბული შეჯიბრის გამარჯვებული და "ბროლის ბუს" მფლობელი ნიკა კვეკვესკირის გუნდი გახდა, სადაც ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი, ლუკა ლოჩოშვილი და გიორგი აბურჯანია იყვნენ.
რაც შეეხება გიბრალტარს, აქ ფეხბურთი დიდად არ აინტერესებთ და წაგებას შეგუებულნი არიან, თუ რატომ, ამას მოგვიანებით დავუბრუნდებით.
იქამდე კი, ქვეყანაზე ვისაუბროთ, რომლის მოსახლეობა მხოლოდ 34 ათას ადამიანს შეადგენს, თუმცა განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩევა. მათი ე.წ. თილისმა მაიმუნია. ტურისტულ ზონებში შევხვდებით გზაზე მოსიარულე მაიმუნებს, რომლებიც მრავლად არიან. მაიმუნების გარდა, ტურისტულ ზონებში ისტორიული ნაგებობები და გამოქვაბულებიცაა. საკმაოდ ძვირადღირებული მანქანებია, თუმცა ცოტა რაოდენობის, რადგან ისეთი პატარა ქვეყანაა, უმეტესობა ფეხით ან ველოსიპედით გადაადგილდება, საღამოს 8 საათის შემდეგ აბსოლუტურად ყველაფერი იკეტება და ქალაქს სძინავს, დღის პირველ ნახევარში კი უმეტესობა ტურისტია მეზობელი ქვეყნებიდან, ძირითადად ესპანეთიდან. მოკლედ რომ ვთქვათ, გიბრალტარი საცხოვრებლად თუ არა, ტურისტულად აუცილებლად სანახავ ქვეყნებს შორისაა.
ახლა კი უშუალოდ საფეხბურთო გარემოს დავუბრუნდეთ. როგორც ზემოთ გითხარით, ფეხბურთი დიდად არ აინტერესებთ. ეს ჯერ იქიდან გამოჩნდა, რომ მათი მწვრთნელი პრესკონფერენციაზე ხალხს შეჰპირდა, რომ გიბრალტარი ფეხბურთში წარმატებული 10 წლის შემდეგ იქნება. ტაქსის მძღოლმა კი ჩვენთან საუბარში თქვა, რომ ხვალინდელ მატჩში წაგებას უკვე შეგუებულია, სტადიონზე მისვლას საერთოდ არ აპირებს და წარმატებები არა თავის ქვეყანას, არამედ საქართველოს უსურვა. კიდევ ერთ ფაქტი, რაც გიბრალტარული ფეხბურთის უინტერესობაზე მეტყველებს ისაა, რომ მათი მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენციაზე ქართველი ჟურნალისტები უფრო მეტნი იყვნენ, ვიდრე გიბრალტარელი.
სამაგიეროდ, სტადიონის გარშემო დიდი კომპლექსია და აქტიურად თამაშობენ სხვა სპორტის სახეობებს, როგორებიცაა: ბალახის ჰოკეი, ხელბურთი, ჩოგბურთი, დარბაზის ფეხბურთი (ფუტსალი). ვიქტორიას სტადიონი, სადაც ხვალ საქართველოს ნაკრები ითამაშებს, 5 ათას გულშემატკივარს იტევს, მაგრამ სავსე სტადიონის მოლოდინი არავის აქვს. როგორც ვილი სანიოლმა აღნიშნა, ცუდი მინდორი და ხელოვნური საფარი მისი ნაკრებისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა სავარაუდოდ, რამდენიმე ლიდერს მაინც დაასვენებს.
ყველანაირი წინაპირობაა შექმნილი იმისთვის, რომ საქართველოს ნაკრებმა წლის ბოლო ოფიციალური მატჩი გამარჯვებით დაასრულოს, მეტოქე დიდი ანგარიშით დაამარცხოს და ერთა ლიგის ნახევარფინალში მასპინძლის სტატუსი კიდევ ერთხელ მოიპოვოს და კვლავ ფინალში გავიდეს, ოღონდ ამჯერად, ეს ფინალი მთელი საქართველოსთვის კარგად დასამახსოვრებელი იქნება.
ავტორი: ბაჩო ცალუღელაშვილი