ავტორიზაცია

კვარაშოუს მორიგი ეპიზოდი - ჰორიზონტზე ლიგის მერვედფინალი გამოჩნდა! ბარსელონას კი გამარჯვება სასიცოცხლოდ ესაჭიროება

კვარაშოუს მორიგი ეპიზოდი - ჰორიზონტზე ლიგის მერვედფინალი გამოჩნდა! ბარსელონას კი გამარჯვება სასიცოცხლოდ ესაჭიროება
თარიღი 12 ოქტ 2022, 15:18
ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურის მეორე სათამაშო დღეს ავანს-სცენაზე ხვიჩა კვარაცხელია გავა თავისი „ნაპოლით“.

მნიშვნელოვანი და ხაზგასასმელია, რომ „ნაპოლი“ – „აიაქსის“ მატჩი ნაადრევად გაიმართება - 20:45 საათზე.

„ნაპოლი“ – „აიაქსი“ (20:45)

წინა ტურში „ნაპოლიმ“ „აიაქსს“ სტუმრად მრავალი წლის მანძილზე უმსხვილესი მარცხი აგემა 6:1 და ჯგუფიდან გასვლისაკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა. დღეს, ნეაპოლელებს დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა შეუძლიათ და თუ ამსტერდამელებს სახლშიც დაამარცხებენ, მერვედფინალის საგზურს ოფიციალურად გაინაღდებენ.

თავის მხრივ, „აიაქსს“ სურს სახე შეინარჩუნოს და დაამტკიცოს, რომ ამსტერდამში ადგილი უბრალო შემთხვევითობას ჰქონდა.

„ატლეტიკო“ – „ბრიუგე“ (20:45)

ბელგიური გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფს ნამდვილი ფურორით იღებს - გუნდმა 3 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა, არცერთი არ გაუშვია და ცხრილს დამაჯერებლად, 9 ქულით ლიდერობს. შემდეგი სამი გუნდი, „პორტუ“, „ლევერკუზენი“ და „ატლეტიკო“ კი 3-3 ქულით ამ ეტაპზე მხოლოდ მეორე ადგილისთვის იბრძვიან.

წინა ტურში „ბრიუგემ“ შინ „ატლეტიკოსაც“ დამაჯერებლად 2:0 მოუგო და თუ დღესაც იგივეს გაიმეორებს, მერვედფინალის საგზურს ოფიციალურად გაინაღდებს. თუმცა, სიმეონეს ბიჭები ასე მარტივად დანებებას არ აპირებენ და დღეს აუცილებლად გამარჯვებისთვის უნდა ითამაშონ, თუ შემდეგ ეტაპზე გასვლა სურთ.

„ბარსელონა“ – „ინტერი“ (23:00)



ქართველი გულშემატკივრების გარდა, ალბათ ყველა სხვა დანარჩენისთვის, დღის ცენტრალური შეხვედრა სწორედ „კამპ ნოუზე“ გაიმართება. ლა ლიგისგან განსხვავებით, სადაც „ბარსა“ 8 ტურის შემდეგ 1 გაშვებული და 20 გატანილი გოლით ლიდერია, ჩემპიონთა ლიგაზე კატალონიელების საქმე ასეთი წარმატებული ვერ არის - გუნდს 3 მატჩის შემდეგ მხოლოდ 3 ქულა აქვს და „ინტერთანაც“ და „ბაიერნთანაც“ გასვლითი მატჩები წააგო.

შემდეგ ეტაპზე გასასვლელად, „ბარსელონასთვის“ დღეს „ინტერის“ დამარცხება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბოლო ორ ტურში სიტუაციის გამოსწორება ურტულესი იქნება.

„ლევერკუზენი“ – „პორტუ“
 
„პლზენი“ – „ბაიერნი“ (23:00)


როგორც მოსალოდნელი იყო, „სიკვდილის ჯგუფს“ „ბაიერნი“ ლიდერობს, რომელსაც ბუნდესლიგაში საქმე იდეალურად ვერ აქვს, გუნდმა ბოლო 6 მატჩში მხოლოდ 1 გამარჯვება მოიპოვა და პირველ ადგილს ვერ იკავებს. სამაგიეროდ, ჩემპიონთა ლიგაზე მიუნხენელებს 100%-იანი შედეგი აქვთ და დღეს, „პლზენის“ დამარცხების შემთხვევაში, მერვედფინალში გასვლასაც ოფიციალურად გაინაღდებენ.

„რეინჯერსი“ – „ლივერპული“ (23:00)

ბრიტანულ დერბიში შოტლანდიური „რეინჯერსი“ „ლივერპულს“ საკუთარ კედლებში უმასპინძლებს. შოტლანდიელებს მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის ყველაზე ცუდი გუნდის სტატუსზე აქვთ პრეტენზია, „ლივერპული“ კი, ამ გადმოსახედიდან, „აიაქსთან“ ჯგუფის მეორეადგილოსნობისთვის იბრძვის და ჯერჯერობით, წარმატებულადაც.

თუ დღეს „ნაპოლი“ „აიაქსს“ მეორე მატჩსაც მოუგებს, „ლივერპული“ კი „რეინჯერსს“ დაამარცხებს, შემდეგ ეტაპზე გამსვლელი ორი გუნდის თაობაზე კითხვები საბოლოოდ მოიხსნება.

„სპორტინგი“ – „მარსელი“

„ტოტენჰემი“ – „აინტრახტი“