ავტორიზაცია

ბეწვის ხიდზე მოსიარულე იუვენტუსი და მილანი, რომელსაც მოგება სჭირდება - ჩემპიონთა ლიგა დაბრუნდა

ბეწვის ხიდზე მოსიარულე იუვენტუსი და მილანი, რომელსაც მოგება სჭირდება - ჩემპიონთა ლიგა დაბრუნდა
თარიღი 25 ოქტ 2022, 12:12
ორკვირიანი პაუზის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი უკვე მე-5 ტურით გვიბრუნდება.

ბევრ გუნდს მერვედფინალში თამაში უკვე განაღდებული აქვს, ზოგი მალე გაინაღდებს, სხვები კი სხვის შედეგებზე არიან დამოკიდებულები და ბევრ რამეს სწორედ ეს მე-5 ტური გადაწყვეტს.

დღეს ბევრი საინტერესო მატჩი გველის, თუმცა რამდნეიმეს გამორჩევა და ცალკე გამოყოფაც რა თქმა უნდა შეიძლება.

20:45| „ზალცბურგი" - „ჩელსი"

E ჯგუფი მოულოდნელად დაძაბული გამოვიდა - თუ თავიდან „ჩელსი“ და „მილანი“ ჯგუფის აშკარა ფავორიტებად ჩანდნენ, რეალურად საქმე ბევრად განსხვავებულად გამოვიდა და შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსს 4-ვე გუნდი ინარჩუნებს.

„ჩელსი“ და „ზალცბურგი“ ცხრილს 7 და 6 ქულით ლიდერობენ, გამარჯვების შემთხვევაში გრემ პოტერის გუნდი მერვედფინალს გაინაღდებს და „მილანსაც“ საჭესთან დასვამს, რომელსაც თავისი მატჩის მოგებით მეორე ადგილზე შეეძლება გადასვლა.

23:00| „დინამო ზაგრები“ – „მილანი“

საწყის 2 მატჩში 4 ქულის მოპოვების შემდეგ, „მილანმა“ ჯგუფში უკან საგრძნობლად დაიხია მას შემდეგ, რაც მთავარ კონკურენტ „ჩელსისთან“ ორივე მატჩი წააგო და იმავე 4 ქულით მე-3 ადგილს იკავებს ჯგუფში.

თუმცა, ყველაფერი მაინც პიოლის გუნდის ხელშია - ორივე დარჩენილი მატჩის მოგების შემთხვევაში, „მილანი“ ლიგის პლეი-ოფიან გაზაფხულს გაინაღდებს.


20:45| „სევილია" - „კოპენჰაგენი"

ამ დაპირისპირებას შეგვიძლია ევროპა ლიგისთვის ბრძოლა დავარქვათ, რადგან „სევილიაც“ და „კოპენჰაგენიც“ მეორეადგილოსან „დორტმუნდს“ 5 ქულით ჩამორჩებიან და მხოლოდ უკიდურესი სასწაული თუ გაიყვანს რომელიმე მათგანს მეორე ადგილზე.

შესაბამისად, დავით ხოჭოლავას გუნდი დღეს ევროპა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში მთავარ კონკურენტს დაუპირისპირდება და ბოლო ტურის წინ უპირატესობის მოპოვებას შეეცდება. მითუმეტეს, რომ ბოლო ტურში „სევილიას“ მეტოქე „სიტი“ იქნება.

23:00| „დორტმუნდი“ – „სიტი“

„სიტის“ პლეი-ოფი ოფიციალურად უკვე განაღდებული აქვს და დღეს შეუძლია ჯგუფის პირველი ადგილიც გაინაღდოს. თავის მხრივ, „დორტმუნდს“ ქულის მოპოვებაც ეყოფა იმისთვის, რომ ყველანაირი ინტრიგა მოკლას და მეორე ადგილზე გასვლა გაინაღდოს.

გამომდინარე იქიდან, რომ პირველი შეხვედრა ინგლისში „სიტიმ“ 2:1 მოიგო, დღეს ფრის შემთხვევაში, გუნდებს შორის 3 ქულა დარჩება სხვაობა და უერთიერთშეხვედრებით „ქალაქელები“ პირველ ადგილს გაინაღდებენ, „დორტმუნდი“ კი - პლეიოფს.



23:00| „ბენფიკა“ – „იუვენტუსი“

მეხუთე ტურის წინ „იუვენტუსს“ უკან დასახევი გზა აღარ აქვს - გუნდმა „ბენფიკა“ სტუმრად სასიცოცხლოდ უნდა დაამარცხოს და ბოლო ტურში „პსჟ-ც“ დააყოლოს. მხოლოდ ამ შემთხვევაში ექნებათ ტურინელებს შანსი მერვედფინალში გასვლისთვის. დღეს ვერ მოგება ტურინელებს ოფიციალურად თამაშგარეში დატოვებთ და ერთადერთი, რისთვისაც ალეგრის გუნდი იბრძოლებს - ევროპა ლიგის საგზურია, რომელიც ასევე არ აქვს განაღდებული.

თავის მხრივ, „ბენფიკა“ საჭესთან კომფორტულად ზის და დღევანდელ მატჩში ფრეც ოფიციალურად გაუნაღდებს ჯგუფიდან გასვლას.

23:00| „პსჟ“ – „მაკაბი“

პარიზელები მაქსიმალურად კომფორტულ სიტუაციაში არიან - დღეს ნებისმიერი მოპოვებული ქულა გუნდს ჯგუფიდან გასვლას ოფიციალურად გაუნაღდებს, თუმცა პირველ ადგილს - ჯერ არა.

„მაკაბიც“ არ არის უმოტივაციოდ, გუნდს იმდენივე ქულა აქვს, რამდენიც „იუვენტუსს“ და ევროპა ლიგის საგზურისთვის აქტიურად იბრძვის.



23:00| „ლაიპციგი“ – „რეალი“

ჩემპიონთა ლიგის მოქმედმა გამარჯვებულმა შემდეგ ეტაპზე გასვლა მეოთხე ტურის შემდეგვე გაინაღდა, ახლა კი ერთადერთი მოტივაცია - პირველი ადგილის ოფიციალურად დასაკუთრებაა.

დღევანდელ შეხვედრაში მადრიდელებს მოდრიჩი, ბენზემა და ვალვერდე ვერ დაეხმარებიან, რაც მეორე ადგილისთვის აქტიურად მებრძოლ „ლაიპციგს“ კარგ შანსს აძლევს. გერმანელებმა მადრიდშიც კარგი შთაბეჭდილება დატოვეს, თუმცა მაინც 0:2 დამარცხდნენ.

„სელტიკი“ – „შახტარი“

შოტლანდიელებს ჩემპიონთა ლიგაზე წარუმატებელი გამოუვიდათ - გუნდმა 1 ქულა დააგროვა და 4 ტურის შემდეგ ევროპა ლიგაზე გასვლის დაუჯერებლად მიზერულ შანსს ინარჩუნებენ - დღეს „შახტარს“ უნდა მოუგონ, ბოლო ტურში კი „სანტიაგო ბერნაბეუზე“ მადრიდის „რეალს“.

ბევრად მარტივად აქვს საქმე უკრაინულ გუნდს, რომელიც ჯერ კიდევ პლეიოფისთვის იბრძვის და საამისოდ, დღეს გამარჯვება სასიცოცხლოდ ესაჭიროება.