ავტორიზაცია

ვაისმა ყველაზე კარგად იცის, რა სჭირდება ჩაკვეტაძეს - რატომ ათამაშდა ქართველი ძველებურად?

ვაისმა ყველაზე კარგად იცის, რა სჭირდება ჩაკვეტაძეს - რატომ ათამაშდა ქართველი ძველებურად?
თარიღი 28 ოქტ 2022, 23:47
მიმდინარე სეზონში ქართველი ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე ბრწყინვალე ფორმაშია და "სლოვან ბრატისლავას" ლიდერად იქცა.

მძიმე ტრავმების შემდეგ, ვერც "გენტმა" და ვერც "ჰამბურგმა" ვერ შეძლო ეპოვნა გასაღები, რითიც ის ათამაშებოდა და ძველი ჩაკვეტაძე დაგვიბრუნდებოდა.

გამოჩნდა ვლადიმირ ვაისი, რომელმაც მას მისცა შანსი, სწორად მიუდგა და ყველაფერი გააკეთა, რომ ჩაკვეტაძე ფეხბურთში დაებრუნებინა. მოგეხსენებათ, ხალხმა ის სწორედ მაშინ გაიცნო, როცა საქართველოს ნაკრებს ვაისი წვრთნიდა.

როგორ შეძლო ვაისმა ჩაკვეტაძის ათამაშება, მაშიც, როცა ქართველს ტრავმების შემდეგ ფიზიკურ ორთაბრძოლებში შესვლის ეშინოდა?

უფრო თვალსაჩინო რომ გახდეს, ეს ჩაკვეტაძის მოედანზე გადაადგილების არეალია მიმდინარე სეზონში




როგორც ხედავთ, ქართველი მოედნის ყველა წერტილში გადაადგილდება. მისი რეალური პოზიცია მარცხენა შემტევი და 10-იანია და ლოგიკურია, რომ ყველაზე ხშორად ამ პოზიციაზე მოძრაობს.

წინა სტატიაშიც აღვნიშნეთ და ახლაც ვთქვათ, რომ ბოლო მატჩებში "სლოვანის" ყველა შეტევა ჩაკვეტაძით იწყება და საკმაოდ იტვირთება.

ვაისმა ჩაკვეტაძეს მოურგო იდეალური როლი - როცა "სლოვანი" შეტევას იწყებს, ჩაკვე უკან ჩადის, მცველებს ბურთს ართმევს და ბურთს ანაწილებს. ამით ის მოედნის გრძნობას იბრუნებს, რაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა და ვაისმა ეს კარგად იცის.

აშკარაა, რომ "სლოვანი" ყველა მატჩში ბურთის დაჭერაზეა ორიენტირებული და შეტევას დიდხანს ამზადებენ ხოლმე. მეტოქის ნახევარზე ბურთს ჩაკვეტაძის გავლით აგორავებენ, 24 წლის შემტევი კი ბევრ საკვანძო, ე.წ. "Key" პასებს აკეთებს, რასაც შედეგი მოაქვს. მოედნის ხედვა კი მას უმაღლეს დონეზე აქვს განვითარებული.

სწორედ ესაა მიზეზი, რატომაც ჩაკვეტაძე გოლებს ვერ იტანს, თუმცა რაც მთავარია, ვაისმა მას იდეალური როლი მოარგო, თავს კომფორტულად გრძნობს, თამაშს უძღვება და საგოლე გადაცემებსაც არიგებს. ფოტოც ამას მოწმობს - ჩაკვეტაძეს ვხედავთ მოედნის ყველა იმ ნაწილში, სადაც ბურთია.

ავტორი: ბაჩო ცალუღელაშვილი