ავტორიზაცია

კვარაშოუ ისტორიულ სტადიონზე და ერთი მცირე ინტრიგის მქონე სიკვდილის ჯგუფი ჩემპიონთა ლიგაზე

კვარაშოუ ისტორიულ სტადიონზე და ერთი მცირე ინტრიგის მქონე სიკვდილის ჯგუფი ჩემპიონთა ლიგაზე
თარიღი 31 ოქტ 2022, 23:44
ევროპა ზამთრის დროზე გადავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩები ერთი საათით გვიან დაიწყება.

ჯგუფი B: (21:45)

„ბრიუგე“ – „ლევერკუზენი“

„პორტუ“ – „ატლეტიკო“


წინა ტურში „ატლეტიკოს“ რომ „ლევერკუზენის“ კარში რომ ბოლო წუთზე დანიშნული პენალტი გაეტანა, ბოლო მატჩი შესაძლოა ნამდვილი საფეხბურთო ომი გვენახა, რომელშიც „პორტუ“ და „ატლეტიკო“ შემდეგ ეტაპზე გამსვლელის ვინაობას ურთიერთშეხვედრაში გაარკვევდნენ, სადაც პორტუგალიელებს 9 ქულა ექნებოდათ, მადრიდელებს კი - 8.

თუმცა, კარასკომ პენალტი ვერ გამოიყენა, „ატლეტიკო“ უინტრიგოდ და უბრძოლველად ჯგუფში ჩარჩა, ინტრიგად კი მხოლოდ ისღა დარჩა, ვინ დაასრულებს ჯგუფს პირველ ადგილზე და ვინ ითამაშებს ევროპა ლიგაზე.



ჯგუფი A: (23:59)

„ლივერპული“ – „ნაპოლი“

„რეინჯერსი“ – „აიაქსი“


კვარაშოუ „ენფილდზე“ - ხვიჩა კვარაცხელია ერთ-ერთ ყველაზე ისტორიულ და ცნობილ სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის მატჩის გასამართად ჩადის. ჯგუფში პრაქტიკულად ყველაფერი გადაწყვეტილია - „ნაპოლიმ“ პირველი ადგილის დასაკავებლად უბრალოდ 4 ბურთით არ უნდა წააგოს, „აიაქსმა“ კი ევროპა ლიგაზე გასასვლელად „რეინჯერსთან“ – 5 ბურთით.

როცა საქმე „ენფილდს“ ეხება, ყურადღების გაფანტვა და „ლივერპულის“ არ დაფასება არაფრით არ შეიძლება, ამიტომ ხვიჩა და კამპანიასგან მორიგ კარგ მატჩს ველით.



ჯგუფი C (23:59)

„ბაიერნი“ – „ინტერი“

„პლზენი“ – „ბარსელონა“

სამწუხაროდ, სიკვდილის ჯგუფში ყველაფერი 5 ტურის შემდეგ გადაწყდა. თანაც, უკლებლივ ყველაფერი - პირველადგილოსანიც, მეორეც, ევროპა ლიგის მეგზურიც და ჯგუფიდან წარუმატებლად გავარდნილიც.

ერთადერთი ინტრიგა, რომელიც დარჩა - აიღებს თუ არა „ბაიერნი“ ჯგუფში 100%-იან შედეგს და დაასრულებს თუ არა ჯგუფს 18 ქულით. „ბარსელონა“ კი ევროპა ლიგისთვის იწყებს მზადებას...




ჯგუფი D: (23:59)

„მარსელი“ – „ტოტენჰემი“

„სპორტინგი“ – „აინტრახტი“

ყველაზე საინტერესო და დაძაბული ჯგუფი, რაც თავიდანვე ჩანდა კიდეც. 5 ტურის შემდეგ უკლებლივ ყველა წევრს აქვს შანსი როგორც პლეი-ოფში გასვლის, ისე საერთოდ ჯგუფში ჩარჩენის.

ერთადერთი, რაც ამ დრომდე უკვე დაზუსტებით ვიცით, არის ის, რომ „ტოტენჰემი“ ვერანაირად ვერ ჩავარდება მესამე ადგილს ქვემოთ, ანუ კონტეს გუნდს მინიმუმ ევროპა ლიგა უკვე განაღდებული აქვს. თუმცა, „მარსელი“ ამჟამად ბოლო ადგილზეა და გამარჯვება ესაჭიროება, ამიტომ ლონდონელებს იოლი გასეირნება ნამდვილად არ ელოდებათ.