"საქართველოს დროშის დანახვისას, ყველა ტაშს გვიკრავდა", - გზა ბორჯომიდან ნეაპოლამდე და კვარაცხელიას საუკეთესო მატჩი
იტალიის ჩემპიონატის გასულ ტურში ხვიჩა კვარაცხელიას ბენეფისი ვიხილეთ, სადაც მან იტალიურ კარიერაში საუკეთესო მატჩი ჩაატარა - გოლი და 2 საგოლე გადაცემა. "ნაპოლიმ" "სასუოლო" 4:0 დაამარცხა.
აღნიშნულ მატჩს ბევრი ქართველი გულშემატკივარი დაესწრო, რაც დიდმა იტალიურმა გამოცემებმაც აღნიშნეს და ქართული დროშებით შემოსილი ქართველების ფოტოები მთელმა იტალიამ მოიარა.
ბორჯომის წმ.ილია წინასწარმეტყველის სახელობოს ტაძრიდან, მამა იოანე ხეცურიანის თაოსნობით, იტალიისკენ სალოცავად 50-მდე ქართველი წავიდა. რამდენიმე ქალაქის სტუმრობის შემდეგ, ისინი ბოლოს ნეაპოლში ჩავიდნენ. როგორც მამა იოანემ გვითხრა, მათ ნეაპოლში ჩასვლა სპეციალურად ხვიჩას თამაშს დაამთხვიეს:
"ეს დღეები სპეციალურად ავარჩიეთ, რათა ჩვენს შვილს, ხვიჩა კვარაცხელიას გვერდში დავგომობით. ჩვენი მიზანი იყო, ამდენი აფრიალებული დროშით გამოგვეხატა, რომ აქ საქართველოა, ჩვენ ხვიჩას გვერდით ვართ და მთელი საქართველო მისთვის ლოცულობს"
შთაბეჭდილებები სტადიონიდან
"სტადიონამდე ავტობუსით მივედით და რომ დაინახეს, ავტობუსში ქართველები ვიყავით, სტადიონამდე მანქანები ოვაციებით გვაცილებდნენ და საქართველოს დროშის დანახვაზე ყველა კვარას და "ჯორჯიას" ყვიროდა. ავტობუსიდან ჩამოვედით, ყველა ჩვენთან მოვიდა. 50-მდე ქართველს ტაშს გვიკრავდა და კვარაცხელიას ქებაში იყვნენ. სტადიონზე შევედით, ტრიბუნაზე დავსხედით და იტალიელები იქაც ოვაციებით შეგვხვდნენ. არ ვიცი, როგორ მოახერხა ამ პატარა ბიჭმა ამხელა სიყვარულის მოპოვება."
"ის ქართველები, ვინც ჩემთან ერთად იყვნენ, დიდი ემოციების ქვეშ იყვნენ, რადგან მთელი სტადიონის ყურადღება ჩვენსკენ იყო მომართული. წარმოუდგენელია, თამაშის შემდეგაც ოვაციებით გვაცილებდნენ.
რა მოხდა თამაშის შემდეგ? სად გაქრა კვარაცხელიას მაისური?
"როცა კვარაცხელია ჩვენსკენ წამოვიდა, ყველა მიხვდა, რომ მაისური უნდა მოეცა. მისგან ეს კარგი ჟესტი იყო. ასე ვთქვათ, ჩვენი ერთობის ჟესტი იყო. ხვიჩამ მაისური ქართული დროშებისკენ ისროლა, ორმა ნეაპოლელმა გულშემატკივარმა კი ეს მაისური აიღო და გაიქცა. სხვა ნეაპოლელებს მათი შერცხვათ, რიგ-რიგობით მოდიოდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ ყველა ნეაპოლელი ასეთი არ არის და ბოდიშს იხდიდნენ.
მეორე დღეს, იმდენი ქნეს, რომ "ნაპოლის" ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ქართველებს სამახსოვრო მაისური მაინც გადასცეს და სამშობლოში ორმაგად გახარებულები დააბრუნეს - ხვიჩა კვარაცხელიას საჩუქარი, მაისური თავისი საუკეთესო მატჩიდან.
ავტორი: ბაჩო ცალუღელაშვილი