ავტორიზაცია

კვარაცხელია და ალექსანდრ არნოლდი? - იურგენ კლოპის კომენტარი

კვარაცხელია და ალექსანდრ არნოლდი? - იურგენ კლოპის კომენტარი
თარიღი 02 ნოე 2022, 03:34
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში „ნაპოლი“ სტუმრად „ლივერპულთან“ დამარცხდა და ზედიზედ 13-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა.

85-ე წუთზე ანგარიში მო სალაჰმა გახსნა, 92-ზე კი მატჩში წერტილი დარვინ ნუნიესმა დასვა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა - 2:0.

საქმე ისაა, რომ ორივე გუნდს 15 ქულა დაუგროვდა, მაგრამ ურთიერთშეხვედრებში საერთო ჯამში „ნაპოლიმ“ 4:2 იმარჯვა და პირველი ადგილიც თავად დაისაკუთრა.

მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე იურგენ კლოპმა ტრენტ ალექსანდრ-არნოლდის და ხვიჩა კვარაცხელიას დაპირისპირებაზე ისაუბრა.

"ჩვენ ვითამაშეთ წარმოუდგენლად ძლიერი ნაპოლის წინააღმდეგ. ლივერპული კარგ ხასიათზე იყო, მეტოქეს აიძულა ბრძოლა და თავისუფალი სივრცეები არ დატოვა. ჩვენ ვიცოდით, რამდენად კარგ გუნდს ვეთამაშებოდით. გვინდოდა პასუხი გაგვეცა ლიდსთან მარცხზე და ეს გავაკეთეთ.

კვარაცხელია და ალექსანდრ-არნოლდი? ორივე შესანიშნავი მოთამაშეა. ვიცი, რომ ილაპარაკებენ იმ მომენტებზე, როცა ტრენტი მის წინააღმდეგ დასწრებაზე თამაშს ცდილობდა (იღიმის).

კვარა კარგი ფეხბურთელია. როდესაც ის დრიბლინგს იწყებს და პირველ მოძრაობას აკეთებს, მჭიდროდ უნდა ეთამაშო. მის გასაჩერებლად სხვა მოთამაშის დაზღვევა არ უნდა დაგჭირდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერს აკეთებს: საჯარიმოში შედის, გამოდის, ცენტრში იწევს. ტრენტმა მის წინააღმდეგ შესანიშნავად ითამაშა. "- თქვა კლოპმა.