ავტორიზაცია

რაიმე გეგმა გქონდათ - გადადეთ! დღევანდელი ტოპ-მატჩები, რომელთა გამოტოვებაც არაფრით არ შეიძლება

რაიმე გეგმა გქონდათ - გადადეთ! დღევანდელი ტოპ-მატჩები, რომელთა გამოტოვებაც არაფრით არ შეიძლება
თარიღი 06 ნოე 2022, 10:51
დღეს მსოფლიო ჩემპიონატის წინ საუკეთესო სათამაშო დღე გველოდება. ამიტომ რაიმეს თუ გქონდათ გეგმაში, უნდა გადადოთ და ჩაუჯდეთ, რადგან დღევანდელი თამაშების გამოტოვება არ შეიძლება.

„ჩელსი“ – „არსენალი“ (16:00)


ისეთი პირი უჩანს, რომ მიკელ არტეტას გუნდი „სიტის“ მთავარი კონკურენტი იქნება ჩემპიონობისთვის ბრძოლაში. 12 ჩატარებული მატჩის შემდეგ „არსენალი“ 10 მოგებით, 1 ფრით და 1 მარცხით მე-2 ადგილს იკავებს. გუშინ „ქალაქელებმა“ „ფულემთან“ მატჩი 10 კაცით ბოლო წუთებზე მოიგეს და დღეს „მეთოფეებს“ სასიცოცხლოდ სჭირდებათ გამარჯვება, რათა ლიდერობა არ დაკარგონ.

რაც შეეხება „ჩელსის“, გრემ პოტერის გუნდი კარგ ფორმაში იყო, მაგრამ პრემიერ ლიგის ბოლო 3 მატჩში შედეგები გაუუარესდა და 2 ფრე ითამაშა, წინა ტურში კი თავის ყოფილ გუნდთან, „ბრაიტონთნ“ განადგურდა (1:4). გამომდინარე ამ ყველაფრიდან, ორივე გუნდს მოსაგები აქვს და საოცარი თამაშის მომსწრენი უნდა გავხდეთ.

„ლორიანი“ – „პსჟ“ (16:00)


დღევანდელმა მასპინძლებმა სეზონი ზედიზედ 6 გამარჯვებით დაიწყეს, თუმცა მას შემდეგ ფორმას მოუკლეს და მომდევნო 7 მატჩში მხოლოდ ორჯერ მოახერხეს გამარჯვების მოპოვება. ბოლო სამი მატჩი კი საერთოდ ვერ მოიგეს.

„პსჟ“ დღეს მოგებით ცხრილში უკვე 5 ქულით გაიქცევა წინ უახლოესი მდევრისგან, რაც პარიზული გრანდისთვის უკვე სერიოზული უპირატესობაა. თუმცა, ვის ეპარება ეჭვი მათ საბოლოო ჩემპიონობაში ისედაც?

„ასტონ ვილა“ – „მანჩესტერ იუნაიტედი“ (18:00)


უნაი ემერის მეორე დებიუტი ინგლისში არც ისე სახარბიელო დროს უწევს - ბირმინგემული გუნდი „ვილა პარკზე“ „მან იუნაიტედს“ უმასპინძლებს, რომელმაც კარგი ფორმა აკრიკა და „სიტისთან“ 3:6 წაგების შემდეგ აღარ მარცხდება. ბოლო 5 მატჩში გუნდს 3 მოგება და 2 ფრე აქვს, სტივენ ჯერარდმა კი „ასტონ ვილა“ ემერის მე-17 ადგილზე დაუტოვა და ესპანელ მწვრთნელს დიდი შრომა მოუწევს სიტუაციის გამოსასწორებლად.

„სოსიედადი“ – „ვალენსია“ (19:15)


გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ „სოსიედადს“ სტუმრობს. ორივე გუნდი ბოლო დროს არც ისე კარგ ფორმაშია - ღამურებმა ბოლო 4 მატჩში 2 ფრე და 2 მარცხი დააფიქსირეს, „სოსიედადმა“ კი ზედიზედ ორი მარცხი იწვნია. ამიტომ, დღეს გამარჯვება გუნების გამოსასწორებლად ორივე გუნდს სჭირდება.

12 მატჩის შემდეგ „ღამურები“ 15 ქულით მე-11 ადგილს იკავებენ და ნაკლებად სავარაუდოა, წელს ოთხეულისთვის შეძლონ ბრძოლა. კონფერენც ან ევროპა ლიგაზე მოხვედრა - გაცილებით რეალური მიზანია.

„ტოტენჰემი“ – „ლივერპული“ (20:30)


როგორც წესი, ამ გუნდების შემთხვევაში მიჩვეულები ვართ, რომ „ლივერპული“ ჩემპიონობისთვის იბრძვის, „ტოტენჰემი“ კი - ოთხეულში მოხვედრისთვის. თუმცა, ამჟამად სიტუაცია 180 გრადუსით შეტრიალებულია და კლოპის გუნდი მე-9 პოზიციას იკავებს, ლონდონელები კი მესამე ადგილზე არიან.

„ტოტენჰემმა“ ზედიზედ 2 მარცხის შემდეგ „ბორნმუთთან“ მატჩიც 0:2-დან შემოატრიალეს და 3:2 მოიგეს, მერსისაიდელებმა კი ზედიზედ ორი მატჩი დათმეს აუთსაიდერებთან, ჯერ „ნოტინგემთან“ და შემდეგ „ლიდსთან“.

„რომა“ – „ლაციო“ (21:00)


რომაული დერბი სტადიო „ოლიმპიკოზე“ ყოველთვის იპყრობდა ხალხის ყურებადღებას და გამონაკლისი არც დღევანდელი მატჩი უნდა ყოფილიყო, რომ არა ამავე დროს დამთხვეული ბევრისთვის უფრო საინტერესო დაპირისპირებები.

ორივე გუნდი დაახლოებით თანაბარ სეზონს ატარებს, მოურინიოს გუნდი 25 ქულით მეოთხეა, მაურიციო სარის ბიჭები კი 24 ქულით მე-5 პოზიციას იკავებენ. ანუ, დღევანდელი მატჩის შემდეგ რომაულ გუნდებს შორის სხვაობა ან გაიზრდება, ან პირიქით, „არწივები“ გავლენ წინ.

„იუვენტუსი“ – „ინტერი“ (23:45)


იტალიის ვიცე-ჩემპიონი არასტაბილურ სეზონს ატარებს და ჯერჯერობით მე-6 პოზიციას იკავებს, თუმცა, ბოლო დროს კარგ ფორმაში შევიდა და ზედიზედ 4 მატჩი მოიგეს. ანალოგიურად კარგ ფორმაში შედის „იუვენტუსიც“, რომელმაც საშინელი სტარტის შემდეგ ზედიზედ 3 მატჩი მოიგო და მე-8 პოზიციას იკავებს.

იტალიური დერბი, როგორც ამ მატჩს უწოდებენ, დღეს უფრო ოთხეულისთვის მებრძოლთა დაპირისპირება იქნება, ვიდრე ჩემპიონობისთვის. თუმცა, ამის გამო ნაკლებ ინტერესს ნაკლებად არ იწვევს.