ავტორიზაცია

"დარწმუნებული ვარ, მარტში განსხვავებულად წარმოვაჩენთ საკუთარ თავს"- ვილი სანიოლი

"დარწმუნებული ვარ, მარტში განსხვავებულად წარმოვაჩენთ საკუთარ თავს"- ვილი სანიოლი
თარიღი 18 ნოე 2022, 01:13
2022 წლის ბოლო მატჩი საქართველოს ნაკრებმა მაროკოსთან გამართა და 3:0 დამარცხდა. მე-5 წუთზე ანგარჯში ენ-ნესირმა გახსნა, 29-ე წუთზე კი ზიეჩმა ცენტრიდან ულამაზესი გოლი გაიტანა. 72-ე წუთზე ბუფალიმ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა და მუნდიალის დაწყების წინ, მაროკომ კომფორტული სხვაობით მოიგო.

მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა შეხვედრა შეაფასა.

"დღეს ვეთამაშეთ ნაკრებს, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატისთვის განსაკუთრებული მოტივაციით ემზადება. ჩვენი მოთამაშეები მზად არ იყვნენ უმაღლესი დონის თამაშის ჩასატარებლად, თუმცა მათ ვერ დავადანაშაულებ. მათთვის ახლა დასვენების პერიოდი იწყება, მაროკო კი მსოფლიო თასზე გაემგზავრა.

ბევრი ფეხბურთელი გვაკლდა, ითამაშეს ახალწვეულებმა. ვიცოდით, რომ რთული იქნებოდა. პირველი ტაიმი ძალიან ცუდი იყო, მეორე უკეთესი, გოლის გატანის რამდენიმე შანსიც გვქონდა. მარტის თამაშებისთვის, ფეხბურთელები უფრო მეტად მოემზადებიან. არ არის იოლი, როდესაც საქართველოდან ჩამოდიხარ და განსხვავებული კლიმატური პირობებია მოსამზადებლად. ამიტომ, არ მინდა დღეს ზედმეტად ნეგატიური ვიყო.

რა თქმა უნდა, გვაქვს სამუშაო და რაღაცები შესაცვლელი. წარმატებული წლის შემდეგ, როდესაც ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა და გუნდიც ბოლომდე იხარჯებოდა, დღევანდელი მარცხი განსაკუთრებით საწყენია. დარწმუნებული ვარ, მარტში განსხვავებულად წარმოვაჩენთ საკუთარ თავს. ",- თქვა სანიოლმა.