ავტორიზაცია

6 გუნდი, რომელშიც შესაძლოა კრიშტიანუ რონალდუ იანვარში გადავიდეს

6 გუნდი, რომელშიც შესაძლოა კრიშტიანუ რონალდუ იანვარში გადავიდეს
თარიღი 22 ნოე 2022, 22:26
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ კრიშტიანუ რონალდუმ გუნდი ურთიერთშეთანხმებით, კონტრაქტის გაწყვეტის შედეგად დატოვა.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ მსურველს, 1 იანვრიდან პორტუგალიელი სუპერვარსკლავის გადაბირება სრულიად უფასოდ შეეძლება.

განვიხილოთ რამდენიმე ვარიანტი, სადაც რონალდუს გადასვლა ყველაზე რეალური იქნება.ა

1. ლონდონის „ჩელსი“

გასულ ზაფხულს რონალდუს „სტემფორდ ბრიჯზე“ გადასვლაზე საკმაოდ ბევრი იწერებოდა. პირველ რიგში, ამით დაინტერესებული გუნდის ახალი, ამერიკელი მფლობელი ტოდ ბოელი იყო დაინტერესებული და სწორედ ამის ფონზე შეექმნა მას უთანხმოება გუნდის ყოფილ მწვრთნელთან, თომას ტუხელთან, რაც ამ უკანასკნელს გაშვების ფასად დაუჯდა.

იწერება, რომ ბოელი რონალდუს ტრანსფერით მარკეტინგული თვალსაზრისით დღესაც ინტერესდება, თუმცა ისიც ითქვა, რომ კრიშტიანუს გუნდში ხილვა არც „ჩელსის“ ახალ მწვრთნელს, გრემ პოტერს სურს, რაც ტრანსფერს საგრძნობლად ართულებს.

2. მადრიდის „რეალი“

როგორც კი რონალდუ ტრანსფერისთვის ხელმისაწვდომი ხდება, ავტომატურად ჩნდება ინფორმაციები მის შესაძლო დაბრუნებაზე მისი კარიერის ყველაზე წარმატებულ გუნდშიც, რომელსაც ამ სეზონში შეტევაში აშკარა პრობლემები აქვს, კარიმ ბენზემას მოხშირებული ტრავმიანობის ფონზე.

თუმცა, ტრანსფერი ნაკლებად სავარაუდო იმიტომ არის, რომ ამის კატეგორიული წინააღმდეგია გუნდის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი, რასაც საჯაროდაც არ მალავს.

თავად რონალდუ რომ მადრიდში დაბრუნებას ისურვებდა, ამას მასთან დაახლოვებული ჟურნალისტებიც არ მალავენ, თუმცა კლუბი სხვაგვარად ფიქრობს.

3. მიუნხენის „ბაიერნი“

რობერტ ლევანდოვსკის წასვლის შემდეგ, რონალდუს შესაძლო ტრანსფერზე ძალიან ბევრი იწერება, თუმცა აქამდე მიუნხენელები კატეგორიულ უარზე იყვნენ და მიზეზად კრიროს სოლიდურ ასაკს ასახელებდნენ.

თუმცა, მთელი სეზონის ერიხ-მარია ჩუპო მოტინგთან ერთად გატარება ნაკლებად სახარბიელო იდეა უნდა იყოს. ამიტომ, თავისუფალი აგენტის სტატუსით რონალდუს თუნდაც 6 თვით დამატება მიუნხენელებისთვის არც თუ ცუდი იდეა უნდა იყოს. მითუმეტეს, რომ ბუნდესლიგაში გოლების გატანა კრიშტიანუს თითქმის 38 წლის ასაკშიც არ უნდა გაუჭირდეს.

4. „ნაპოლი“

გასულ ზაფხულს ძალიან ბევრს წერდნენ, რომ კრიშტიანუ შესაძლოა ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდეს. თუმცა, ეს უფრო მაშინ იწერებოდა, როცა რონალდუ შეიძლებოდა ვიქტორ ოსიმჰენის ტრანსფერში ჩაერთოთ.

ახლა კი, როცა პორტუგალიელი უფასოდ არის ხელმისაწვდომი, მისი გადაბირება გაცილებით ადვილი გახდა, თუმცა რას ფიქრობს ამაზე აურელიო დე ლაურენტისი - ჯერ უცნობია. ფაქტი ერთია, ასეთი ვარსკვლავი ნეაპოლში დიეგო მარადონას შემდეგ არ უნახავთ და ნეაპოლს ეს უდიდეს სიხარულს მოუტანდა. მითუმეტეს, რომ გუნდი სკუდეტოსკენ სრული გზით მიფრინავს.

5. ლისაბონის „სპორტინგი" 

მშობლიურ კლუბში კარიერის მიწურულს დაბრუნება ფეხბურთელებისთვის საკმაოდ კარგად დაცდილი პრაქტიკაა. მითუმეტეს, რომ ლისაბონელები მუდმივად იბრძვიან ქვეყნის ჩემპიონობისთვის და ჩემპიონთა ლიგაზეც საკმაოდ ხშირად თამაშობენ.

დღეს „სპორტინგი" უბრალოდ კარიერის დასრულების რიგითი ვარიანტი არ არის და კრიშტიანუ ამ გუნდში მშვენივრად შეძლებდა თავისი საყვარელი საქმის, გოლების გატანის გაგრძელებას. 

6. ევროპის დატოვება - MLS, ყატარი, საუდის არაბეთი...

პირს მორგანთან ინტერვიუში რონალდუმ თავად აღიარა, რომ გასულ ზაფხულს საუდის არაბეთიდან 2-წლიანი კონტრაქტი გაისტუმრა უარით, რომლითაც მას 350 მილიონ ევროს სთავაზობდნენ. აქ უფრო ხაზგასასმელია სხვა ფაქტი - კრიშტიანუმ თავადვე დაამატა, რომ ასეთ სარფიან შემოთავაზებაზე უარის თქმა ძალიან რთული იყო.

იქნებ, „ოლდ ტრაფორდზე“ წარუმატებელმა სეზონის დასაწყისმა მას აზრი შეუცვალა და ის კარიერის ბოლოსკენ უდიდესი ფულის გამომუშავებაზეც დაფიქრდება? იწერება, რომ მისი დამატებით დევიდ ბექჰემის „ინტერ მაიამი“ ინტერესდება.