ავტორიზაცია

მუნდიალი, დღე 9: ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურს უნეიმარო ბრაზილია და კრიშტიანუ რონალდუ დახურავენ

მუნდიალი, დღე 9: ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურს უნეიმარო ბრაზილია და კრიშტიანუ რონალდუ დახურავენ
თარიღი 28 ნოე 2022, 01:15
მსოფლიო ჩემპიონატის მე-9 სათამაშო დღეს ჯგუფური ეტაპის მეორე ტური ოფიციალურად დასრულდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მიყოლებით ოთხი მატჩის ერთ დღეში ხილვის ფუფუნებაც აღარ გვექნება, რადგან მესამე ტურში კი ისევ 4 მატჩია, მაგრამ 2-2 შეხვედრა ერთდროულად იმართება.

მეორე ტურის ბოლო სათამაშო დღეს ტოპ-ნაკრებების გარეშე ნამდვილად არ დავრჩებით, ერთი შეხვედრა კი გამორჩეულად საინტერესო უნდა იყოს.

14:00 კამერუნი - სერბეთი



ბევრი, სერბეთის ნაკრებისგან ამ ტურნირზე კარგ თამაშს ელოდა, რადგან გუნდმა შესარჩევში პორტუგალია პლეი-ოფში გაუშვა და თავად ძალიან დამაჯერებელი და სანახაობრივი იყო. საქმეზე, ჯერჯერობით, სერბებისგან მსგავსი ვერაფერი დავინახეთ - გუნდმა ბრაზილიასთან უსუსური შთაბეჭდილება დატოვა. თუმცა, დავაბრალოთ ეს პენტაკამპეონების სიძლიერეს.

დღეს, მათი მეტოქე კამერუნი იქნება, რომელმაც პირველი ტურის მატჩში შვეიცარიასთან საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა, თუმცა მინიმალურად დამარცხდა. გამომდინარე იქიდან, რომ პარალელურად ერთმანეთს 3-3-ქულიანი გუნდები დაუპირისპირდებიან, ეს მატჩი ორივე გუნდისთვის კარგი შანსია, რომ ჯგუფიდან გასასვლელად სახარბიელო სიტუაცია შეიქმნან.

კამერუნის ფორმა ბოლო 5 მატჩში: 2 ფრე, 3 მარცხი

სერბეთის ფორმა ბოლო 5 მატჩში: 3 მოგება, 1 ფრე, 1 მარცხი

სავარაუდო შემადგენლობები:

კამერუნი: ონანა, ფაი, ნკულუ, კასტელეტო, ტოლო, ანგისა, ონდუა, ჰონგლა, მბეუმო, ჩუპო-მოტინგი, ტოკო ეკამბი

სერბეთი: ვანია მილინკოვიჩ-სავიჩი, მილენკოვიჩი, ველკოვიჩი, პავლოვიჩი, ზივკოვიჩი, გვიდელი, სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი, მლადენოვიჩი, ტადიჩი, ვლაჰოვიჩი, მიტროვიჩი.

17:00 სამხრეთ კორეა - განა



სამხრეთ კორეა რომ ძლიერი გუნდია და არავისთვისაა საჩუქარი, ეს წინა შეხვედრაშიც დავინახეთ, როცა მატჩის ფავორიტმა ურუგვაის ნაკრებმა მათ ვერაფერი დაუპირისპირა და პირველი ტურის შემდეგ 3-ს ნაცვლად 1 ქულა შერჩა. გამომდინარე იქიდან, რომ დღეს ურუგვაი ფავორიტ პორტუგალიას დაუპირისპირდება, კორეელებისთვის ეს კარგი შანსია, მატჩი მოიგონ და ბოლო ტურის წინ, გასვლის დიდებული შესაძლებლობა შეინარჩუნონ.

თუმცა, ხელწამოსაკრავი მეტოქე არც განაა, რომელიც წინა ტურში პორტუგალიასთან კი დამარცხდა, მაგრამ ბოლო წუთებზე კრიშტიანუ რონალდუს კინაღამ გულის შეტევა დამართა, როცა 1:3-დან ანგარიშის გათანაბრებამდე სულ ცოტა დააკლა.

სამხრეთ კორეას ფორმა ბოლო 5 მატჩში: 3 მოგება, 2 ფრე

განას ფორმა ბოლო 5 მატჩში: 2 მოგება, 3 მარცხი

სავარაუდო შემადგენლობები:

სამხრეთ კორეა: სიუნ-გიუ, მუნ ჰვანი, მინ ჯეი, იანგ გვონი, ჯინ სუ, ჯუნგი, იენ-ბეომი, ნა, ლი, სონი, უი-ჯო

განა: ატი ზიგი, სეიდუ, ამარტეი, დჯიკუ, ბაბა, პარტეი, აბდულ სამედი, ბუკარი, კუდუსი, აიუ, ინაკი.

20:00 ბრაზილია - შვეიცარია



ჯგუფის ფავორიტები დღეს ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. ბრაზილიის ეროვნულმა ნაკრებმა სერბეთთან დიდებული შთაბეჭდილება დატოვა და 2:0 ლამაზ სტილში მოიგო, თუმცა ნეიმარის გარეშე დარჩა, რომელიც ჯგუფურ ეტაპს ნამდვილად გამოტოვებს და მერვედფინალისთვის გეგმავს დაბრუნებას.

დღეს გამარჯვების შემთხვევაში, პენტაკამპეონები მერვედფინალში ადგილს ოფიციალურად გაინაღდებენ, თუმცა მეტოქედ კერკეტი კაკალი შვეიცარია ეყოლებათ, რომელთან თამაშიც ადვილი არასდროს არ არის. შვეიცარიელებმა პირველ ტურში კამერუნს მძიმე მატჩში 1:0 მოუგეს და ჯგუფიდან გასვლის პრეტენზიაც ბოლო ტურამდე ექნებათ.

ბრაზილიის ფორმა ბოლო 5 მატჩში: 5 მოგება

შვეიცარიის ფორმა ბოლო 5 მატჩში: 4 მოგება, 1 მარცხი

სავარაუდო შემადგენლობები:

ბრაზილია: ალისონი, მილიტაო, ტიაგო სილვა, მარკინიოსი, სანდრო, კაზემირო, ფრედი, პაკეტა, რაფინია, რიჩარლისონი, ვინისიუსი

შვეიცარია: სომერი, ვიდმერი, აკანჯი, ელვედი, როდრიგესი, ფროილერი, ჯაკა, სოუ, შაქირი, ემბოლო, ვარგასი.

23:00 პორტუგალია - ურუგვაი



დღის ცენტრალური დაპირისპირება და 2018 წლის მუნდიალის მერვედფინალის გამეორება. მაშინ, ედინსონ კავანის დუბლით სამხრეთამერიკელები წინ გავიდნენ, თუმცა წელს ევროპელებს დიდი მოტივაცია აქვთ - კრიშტიანუ რონალდუ თავის ბოლო მუნდიალს თამაშობს და მაქსიმალურად შორს სურს წასვლა.

პირველ ტურში პორტუგალიელებმა მძიმე და უხვგოლიან მატჩში განას 3:2 აჯობეს, ურუგვაიმ კი, როგორც გითხარით, სამხრეთ კორეას ვერ გაუტანა და ნულოვან ფრეს დასჯერდა. ამიტომ, თუ აქ ურუგვაი ისევ ვერ მოიგებს, პარალელურად კი სამხრეთ კორეა განას აჯობებს, ფედე ვალვერდეს და კამპანიას საქმე მაქსიმალურად დამძიმდება.

პორტუგალიის ფორმა ბოლო 5 მატჩში: 3 მოგება, 2 მარცხი

ურუგვაის ფორმა ბოლო 5 მატჩში: 2 მოგება, 2 ფრე, 1 მარცხი

სავარაუდო შემადგენლობები:

პორტუგალია: კოშტა, კანსელუ, დიაში, დანილუ, გერეირუ, ბერნარდუ, ნევეში, კარვალიუ, ფერნანდეში, რონალდუ, ფელიქსი

ურუგვაი: როჩეტი, კასერესი, გოდინი, ხიმენესი, ოლივერა, ვალვერდე, ბენტანკური, ვესინო, პელისტრი, სუარესი, ნუნიესი.