ავტორიზაცია

ჯგუფები მორჩა, ახლა სულ სხვა ტურნირი იწყება - დღეს, მუნდიალის პირველი მერვედფინალებია

ჯგუფები მორჩა, ახლა სულ სხვა ტურნირი იწყება - დღეს, მუნდიალის პირველი მერვედფინალებია
თარიღი 03 დეკ 2022, 11:40
ბევრი ამბობს, მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპი ერთი ტურნირია, პლეიოფიდან კი სულ სხვა იწყებაო. ხოდა, ყველას გილოცავთ, დღეს ოფიციალურად იწყება მუნდიალის გასავარდნი თამაშები - უკან დასახევი გზა არ არის, არც შეცდომის გამოსწორების საშუალება არსებობს. დამარცხდი? კარგად იყავი...

მერვედფინალებს ლუი ვან გაალის ნიდერლანდების ნაკრები გახსნის, რომელსაც ჯგუფური ეტაპის შემდეგ მხოლოდ ზარმაცი თუ არ აკრიტიკებდა. თუმცა, ამაზე მოგვიანებით.

19:00 ნიდერლანდები - აშშ



ხოდა, რას ვამბობდით? ჰოლანდიის ეროვნული ნაკრები მაროკოსთან და ინგლისთან ერთად ერთადერთია, რომელმაც ჯგუფში 7 ქულა დააგროვა, სხვას ამდენი არავის დაუგროვებია. თუმცა, თუ მაროკომ და ინგლისმა თავი კარგი თამაშით გამოიჩინეს, ნიდერლანდების შემთხვევაში ყველაფერი მარტივ ჯგუფს ბრალდება, სადაც ყატარი, სენეგალი და ეკვადორი ჰყავდა.

ისეა თუ ასე, ლუი ვან გაალი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი სპეციალისტია და ვინ, თუ არა მან უნდა იცოდეს, როგორ წარმოაჩინოს თავი ჯგუფში, რა იქნება საკმარისი შემდეგ ეტაპზე გასასვლელად, რათა შემდეგ პლეიოფში მეტოქეს სურპრიზებით დაუხვდეს. ამიტომ, ჯერ „ნამდვილი“ ჰოლანდია ალბათ არ გვინახავს.

აშშ-მ მუნდიალზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა და არცერთი მატჩი არ წაუგია - ინგლისთან და უელსთან ფრეს მოაწერა ხელი, ბოლო ტურში კი ირანს 1:0 პულიშიჩის გოლით მოუგო და მერვედფინალური ეტაპის საგზური გაინაღდა. მომავალი მუნდიალის ერთ-ერთი მასპინძელი საკმაოდ კარგი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული, ამიტომ ფავორიტობის მიუხედავად, ნიდერლანდებს დღეს განაღდებული და მარტივი არაფერი ექნებათ.

ამერიკელების საქმეს ის ართულებს, რომ ირანთან შეხვედრაში ტრავმა გუნდის ლიდერმა, კრისტიან პულიშიჩმა მიიღო. თამაშის შემდეგ მან კი თქვა, შაბათს აუცილებლად ვითამაშებო, მაგრამ როგორც პრესა წერს, ექიმები მის მდგომარეობას საათობრივად აკვირდებიან და ჯერჯერობით უცნობია, გარისკავენ თუ არა „ჩელსის“ შემტევის ჯანმრთელობით, მისი სასტარტოში დაყენებით.

ურთიერთშეხვედრები: 5

ჰოლანდიის მოგება: 4
ფრე: 0
აშშ-ს მოგება: 1
ჰოლანდიის გოლები: 10
აშშ-ს გოლები: 5

მატჩების ისტორია:

1998 წლის 21 თებერვალი, აშშ 0-2 ნიდერლანდები (ამხანაგური)
2002 წლის 19 მაისი, აშშ 0-2 ნიდერლანდები (ამხანაგური)
2004 წლის 18 თებერვალი, ნიდერლანდები 1-0 აშშ (ამხანაგური)
2010 წლის 3 მარტი, ნიდერლანდები 2-1 აშშ (ამხანაგური)
2015 წლის 5 ივნისი, ნიდერლანდები 3-4 აშშ (ამხანაგური).

ნიდერლანდების ბოლო 5 მატჩი: 4 მოგება, 1 ფრე

აშშ-ს ბოლო 5 მატჩი: 1 მოგება, 3 ფრე, 1 მარცხი

სავარაუდო შემადგენლობები:

ნიდერლანდები: ნოპერტი, ტიმბერი, ვან დეიკი, აკე, დუმფრისი, დე როონი, დე იონგი, ბლინდი, კლაასენი, გაკპო, დეპაი

აშშ: ტარნერი, დესტი, კარტერ ვიკერსი, რემი, რობინსონი, მაკენი, ადამსი, მუსა, ვეა, სარჯენტი, პულიშიჩი.

23:00 არგენტინა - ავსტრალია



ტურნირის დაწყებამდე, არგენტინას ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად მხოლოდ ზარმაცი თუ არ ასახელებდა. გუნდს ერთი მატჩი აშორებდა იტალიის ყველა დროის წაუგებელი რეკორდის (37) გამეორებამდე და მეტოქე საუდის არაბეთი იყო. არავის არც კი უფიქრის, რომ სკალონის გუნდს ეს რეკორდი ჯიბეში ჯერ კიდევ არ ედო. არავის, არაბების გარდა, რომლებმაც მეორე ტაიმში საოცარი 10-წუთეული შემოგვთავაზეს და სამხრეთამერიკელები სახტად დატოვეს. ამ მატჩში წაგებამ (1:2) არგენტინას დამატებითი მოტივაცია შესძინა, რადგან დარჩენილ მატჩებში, მექსიკა და პოლონეთი წყალგაუსვლელად გამარჯვება სჭირდებოდა და გუნდმა ეს მშვენიერ სტილში, ორივე შემთხვევაში ერთნაირი ანგარიშით (2:0) მოახერხა.

საბოლოოდ, არგენტინა ჯგუფიდან გავიდა კი არა, პირველი ადგილითაც კი გააკეთა ეს, რამაც გუნდი საკმაოდ კარგ ბადეში მოახვედრა და ავსტრალიის ბარიერის გადალახვის შემთხვევაში, მეტოქედ ნიდერლანდები/აშშ ეყოლება, რის გამოც ჰორიზონტზე ნახევარფინალური პერსპექტივები გამოჩნდა.

ავსტრალიამ ტურნირი კატასტროფულად დაიწყო - არა, მსოფლიო ჩემპიონთან 1:4 წაგებაც კი არ „ტეხავს“, მაგრამ სტილი, თუ როგორ გააკეთა ეს გუნდმა, ცოტა არ იყოს უსიამოვნო იყო - როგორც ქართველი კომენტატორები იტყოდნენ, „უსისხლოდ“ და „უჯიგროდ“.

თუმცა, დარჩენილ ორ შეხვედრასი გუნდმა ძალები მოიკრიბა, ჯერ ტუნისი გაისტუმრა, შემდეგ კი ბოლო ტურში ფავორიტი დანიაც სახლში ჯგუფიდანვე გაუშვა, თავად კი მერვედფინალს მიაშურა. თავის ისტორიაში მხოლოდ მეორედ.

ურთიერთშეხვედრები: 7

არგენტინის მოგება: 5
ფრე: 1
ავსტრალიის მოგება: 1
არგენტინის გოლები: 12
ავსტრალიის გოლები: 7

მატჩების ისტორია:

1988 წლის 14 ივლისი, ავსტრალია 4-1 არგენტინა (ორასი წლის იუბილეს აღმნიშვნელი ერთჯერადი თასი)
1992 წლის 18 ივნისი, არგენტინა 2-0 ავსტრალია (ამხანაგური)
1993 წლის 31 ოქტომბერი, ავსტრალია 1-1 არგენტინა (მსოფლიოს შესარჩევის პლეიოფი)
1995 წლის 30 ივნისი, არგენტინა 2-0 ავსტრალია (ამხანაგური)
2005 წლის 18 ივნისი, ავსტრალია 2-4 არგენტინა (კონფედერაციათა თასი)
2007 წლის 11 სექტემბერი, ავსტრალია 0-1 არგენტინა (ამხანაგური).
არგენტინის ბოლო 5 მატჩი: 4 მოგება, 1 მარცხი
ავსტრალიის ბოლო 5 მატჩი: 4 მოგება, 1 მარცხი

სავარაუდო შემადგენლობები:

არგენტინა: მარტინესი, მოლინა, ოტამენდი, რომერო, ტალიაფიკო, მაკ ალისტერი, ენცო ფერნანდესი, დე პაული, ალვარესი, მესი, დი მარია

ავსტრალია: რაიანი, კარასიჩი, სოუტარი, როულესი, ბეჰიჩი, მუი, ლეკიე, ირვინი, მაკგრი, გუდვინი, დუკე.