ავტორიზაცია

რაულ ალბიოლი ხვიჩაზე: "კვარაცხელიამ შთაბეჭდილება მაშინვე მოახდინა"

რაულ ალბიოლი ხვიჩაზე: "კვარაცხელიამ შთაბეჭდილება მაშინვე მოახდინა"
თარიღი 14 დეკ 2022, 14:20
"ნაპოლი" სერია A-ს სეზონის განახლებისთვის მზადებას განაგრძობს, ლუჩიანო სპალეტის გუნდი 17 დეკემბერს  რიგით მესამე ამხანაგურ შეხვედრას ესპანურ "ვილიარეალთან" გამართავს.

ესპანური გუნდის გამოცდილმა მცველმა რაულ ალბიოლმა, თავის ყოფილ გუნდზე "ნაპოლისა" და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. 

"ნაპოლის ბევრი მატჩი ვნახე. გუნდი ბრწყინვალე და სანახაობრივ ფეხბურთს აჩვენებს და ძალიან ძნელია მისთვის წინააღმდეგობის გაწევა. ისინი ევროპაში საუკეთესოები თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესოები ნამდვილად არიან. 

გუნდს ჰყავს მოთამაშეები სათანადო უნარებით: ოსიმენი, ზიელინსკი, კვარა. ეჭვგარეშეა, ამ გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე, სულ ცოტა, ნახევარფინალში გასვლა შეუძლია.

კვარაცხელია 2021 წლის მარტში, ესპანეთს და საქართველოს შორის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში გამართულ მატჩში ვნახე. მან გოლი გაგვიტანა და ძალიან კარგად ითამაშა. 

კვარაცხელიამ შთაბეჭდილება მაშინვე მოახდინა. ფანტასტიკური მოთამაშეა, რომლის ფასი მრავალჯერ გაიზრდება. ",- თქვა ალბიოლმა.