ავტორიზაცია

ეს დღეც დადგა - დღე, რომელსაც მსოფლიო 4 წელი, ლეო მესი კი 8 წელი ელოდა

ეს დღეც დადგა - დღე, რომელსაც მსოფლიო 4 წელი, ლეო მესი კი 8 წელი ელოდა
თარიღი 18 Dec 2022, 12:16
ეს დღეც დადგა. დღე, რომელსაც მთელი მსოფლიო 4 წელია, ლეო მესი კი 8 წელია ელოდება. 2 საათით, პლანეტის უმნიშვნელოვანესი მოვლენა, რომლის საყურებლადაც ყველა წერტილიდან მოიცლიან.

დღევანდელი მატჩის წინ, სამყარო ორად არის გახლეჩილი - ერთ მხარეს ლეო მესია, რომლის უდიდებულეს, საოცარ და ულამაზეს კარიერას თუ ტორტად წარმოვიდგენთ, მსოფლიო ჩემპიონატი ის ბოლო, უგემრიელესი ალუბალია, რომელიც თავზე უნდა დაედოს და შეგვეძლება თქმა, რომ შეუძლებელია, ამაზე მაგარი და წარმატებული კარიერა გქონდეს.

მეორე მხარეს კი ახალგაზრდა კილიან მბაპეა, რომელსაც ისედაც ხშირად უტოლებენ ლეგენდარულ პელეს და დღეს, მეორე მუნდიალის მოგებით, ის ბრაზილიელი კვალს კიდევ უფრო მიუახლოვდება. 1958, 1962, 1970 - ეს ის წლებია, როცა პელემ მსოფლიო ჩემპიონატი სამჯერ მოიგო და ის დღემდე ერთადერთი ფეხბურთელი რჩება ასეთი ლეგენდარული მიღწევით. კილიან მბაპემ პირველი მუნდიალი 2018 წელს მოიგო, მეორეს მოგებასთან ერთ მატჩში 2022-შია და თუ წელსაც მოიგო, ჟანრის ლოგიკით 2026-ში გამოტოვება, უწევს, 2030-ში კი ისევ მოგება.

კარგი, წარმოდგენებს შეგვიძლია უკვე შევეშვათ და საქმეზე გადავიდეთ - ხომ სასაცილოა, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალზე როცაა საუბარი, ილაპარაკო მოტივაციაზე, უფრო მეტ მონდომებაზე ან სურვილზე, მაგრამ თუ მაინც ვილაპარაკებთ, არგენტინას ამ მატჩში ბევრად მეტი რამ აქვს დასაკარგი - ლეო მესის უკანასკნელი შანსი, უკანასკნელი მატჩი მუნდიალზე და უკანასკნელი იმედი, რომ მისი კარიერა მსოფლიო ჩემპიონატის გარეშე არ დასრულდება. ეს იციან მისმა თანაგუნდელებმაც, რომლებიც მთელი ტურნირია სულ იმას იმეორებენ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მოგება პირველ რიგში ლეო მესისთვის სურთ, რომ ის გუნდის 99.9%-ს შეადგენს. ამიტომ, ზეწოლა დიდია, ზეწოლა უდიდესია და ამ მატჩის წაგების უფლება ალბისელესტეს არ აქვს.

საფრანგეთი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონია. ერთის მხრივ კი, გუნდი ისტორიული მიღწევის ზღვარზე დგას, რაც 60 წელია არავის გაუკეთებია - ორი მუნდიალის მოგება დეშამის ბიჭებს სამუდამოდ შეიყვანს ისტორიაში. თუმცა, ჟირუს, ლორისის და კიდევ რამდენიმეს გამოკლებით, ფრანგები ისეთ ასაკში არიან, რომ მომდევნო მსოფლიოზეც ითამაშებენ და ერთ-ერთი ფავორიტებიც იქნებიან. რად ღირს მხოლოდ გუნდის ლიდერი კილიან მბაპე, რომელიც მომდევნო მუნდიალზე, შეიძლება უკვე ორგზის ჩემპიონის რანგში, მხოლოდ 27 წლის ასაკში წარსდგება.

განვლილ გზაზე ბევრს არ დაგელაპარაკებით, რადგან მეტნაკლებად ყველა ადევნებდით თვალს ამ ორი გუნდის მატჩებს და გეცოდინებათ, თუმცა უცებ გავიხსენოთ.


არგენტინას ჯგუფში საუდის არაბეთი, მექსიკა და პოლონეთი ჰყავდა. გუნდმა პირველი მატჩი არაბებთან სენსაციურად წააგო, თუმცა მომდევნო ორი დამაჯერებლად მოიგო და ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა. შემდეგ იყო ავსტრალია (2:1), ჰოლანდია (2:2, პენალტებში გამარჯვება) და ხორვატია (3:0).

საფრანგეთმა ტურნირი ორი გამარჯვებით დაიწყო, ჯერ ავსტრალიასთან და შემდეგ დანიასთან, შემდეგ მეორე შემადგენლობით დამარცხდა ტუნისთან, თუმცა პირველი ადგილით გავიდა ჯგუფიდან. შემდეგ იყო პოლონეთი (3:1), ინგლისი (2:1) და მაროკო (2:0).



ურთიერთშეხვედრები:

მუნდიალების ისტორიაში ეს ორი გუნდი ერთმანეთს მეოთხედ შეხვდება.

აქამდე, ამ ტურნირზე საფრანგეთისა და არგენტინის გზები სამჯერ გადაიყარა - 1930 (1:0) და 1978 (2:1) წლებში გამარჯვება სამხრეთამერიკულ გუნდს დარჩა.

2018 წელს კი საფრანგეთმა ჩამორჩენა შეამცირა და მერვედფინალურ შეხვედრაში 4:3 იმარჯვა.

მთლიანობაში ეს ორი გუნდი ისტორიაში ერთმანეთს 13-ჯერ შეხვდა, აქედან 7 მატჩი არგენტინამ მოიგო, 3 საფრანგეთმა, კიდევ სამი მატჩი კი ფრედ დასრულდა.

სავარაუდო შემადგენლობები:

არგენტინა: ემილიანო მარტინესი, მოლინა, რომერო, ოტამენდი, აკუნია, დე პაული, ფერნანდესი, მაკ ალისტერი, დი მარია, მესი, ალვარესი

საფრანგეთი: ლორისი, კუნდე, ვარანი, უპამეკანო, ტეო, ჩუამენი, რაბიო, დემბელე, გრიზმანი, მბაპე, ჟირუ.