საქართველო - პოლონეთი: ფეხბურთელთა ფასები და სტატისტიკა

ახლოვდება საქართველოსა და პოლონეთის ეროვნული ნაკრებების დაპირისპირება. GOAL.GE წარმოგიდგენთ ამ ორი ნაკრების სტატისტიკას. ყურადღებას გავამახვილებთ სატრანსფერო ფასებზეც და შევეხებით საფეხბურთო წარსულს.
საქართველო – ფიფას რეიტინგი: 117, გუნდის საერთო ღირებულება: 25.28 მილიონი ევრო.
საქართველოს ნაკრების ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი ჯანო ანანიძე გახლავთ, რომლის სატრანსფერო ფასიც 4 მილიონი ევროა, მის შემდეგ მოდიან გურამ კაშია და ჯაბა კანკავა სამ–სამი მილიონი ევროთი. დანარჩენთა ფასი კი 100 ათასიდან ორ მილიონამდეა.
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს მონაწილეობა არასოდეს მიუღია. რაც შეეხება შესარჩევს, აქ ჩვენმა ნაკრებმა ჯამში 53 მატჩი გამართა, საიდანაც 14 მოგებით, 8 ფრედ და 31 წაგებით დაასრულა. უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევებში 46 შეხვედრიდან მხოლოდ 9 გვაქვს მოგებული, 11 ფრედ დასრულდა და 26 მარცხით.
ყველაზე დიდი გამარჯვება ევრომუნდიალის შესარჩევზე ფარერის კუნძულებთან გვაქვს (6:0). რაც შეეხება დამარცხებას, გერმანიის, შვეიცარიისა და ნორვეგიის ნაკრებებმა 4:1 მოგვიგეს.
პოლონეთი – ფიფას რეიტინგი: 44, გუნდის საერთო ღირებულება: 122.44 მილიონი ევრო.
პოლონეთის ნაკრების კაპიტანი, რობერტ ლევანდოვსკი 50 მილიონადაა შეფასებული, მას მოსდევს ვოიცეხ შესნი, რომლის სატრანსფერო ღირებულება 16 მილიონია, მესამე ადგილი კი „დორტმუნდის“ მცველ ლუკაშ პიჟჩეკს ეკუთვნის 12,5 მილიონი ევროთი. დანარჩენ ფეხბურთელთა ფასი 400 ათასიდან 6 მილიონამდე მერყეობს.
პოლონეთის ნაკრებს ევროპის ბოლო ორ ჩემპიონატზე აქვს მიღებული მონაწილეობა. ის ორივეჯერ ჯგუფში ჩარჩა. ამ ნაკრებს უეფას ეგიდით ჯამში 236 მატჩი აქვს გამართული, საიდანაც 107 მოიგო, 53 ფრედ ითამაშა, ხოლო 76 დათმო.
მიმდინარე შესარჩევის სტატისტიკა
ახლა მიმდინარე შესარჩევი ციკლის სტატისტიკას გადავხედოთ. ორივე გუნდს სამ–სამი მატჩი აქვს გამართული, პოლონელებს ორი მოგება და ერთი ფრედ ნათამაშები შეხვედრა დაუგროვდათ, ჩვენ კი, როგორც იცით, 2 შეხვედრა წავაგეთ და ერთის მოგება შევძელით.
ამ შეხვედრებში მეტოქეს 11 გოლი აქვს გატანილი, რაც საშუალოდ მატჩში 3.67 ბურთია. ეს უმაღლესი მაჩვენებელია მიმდინარე ციკლში. ამასთან, პოლონელებს ორი გოლი გაშვებულიც აქვთ, ანუ მატჩში საშუალოდ 0.67 გოლს უშვებენ.
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს გამართულ მატჩებში 4 გოლი აქვთ გატანილი (1.33 საშუალოდ მატჩში) და 3 გაშვებული.
მიმდინარე ციკლში პოლონელებმა კარის მიმართულებით 43–ჯერ დაარტყეს, რაც საშუალოდ ერთ მატჩში 14,9 დარტყმას ნიშნავს. ამ დარტყმებიდან 23 ზუსტი იყო, 15 კარს ასცდა, 5 მცველებმა დაბლოკეს, ხოლო ორიც ძელმა აისხლიტა.
ჩვენს გუნდს 29 დარტყმა აქვს, რაც საშუალოდ მატჩში 9,67–ს უდრის. 14 მათგანი ზუსტი იყო, 10 კარს ასცდა, 5 დაგვიბლოკეს და ერთიც ძელმა მოიგერია.
რაც შეეხება პასებს, გასულ თამაშებში ამ მხრივ თითქმის თანაბარი მაჩვენებელია. პოლონელებს 1151 გადაცემა აქვთ გაკეთებული, ხოლო ქართველებს 1127, მეტოქის პასებიდან 1040 იყო ზუსტი, ქართველებისა კი 1016, სიზუსტე ორივესთვის ერთია – 90%. აქვე გეტყვით იმასაც, რომ საქართველოს ნაკრებს ბურთის ფლობის საშუალო მაჩვენებელი 52% –ია, ხოლო პოლონეთისა – 50%.
სტატია transfermarket.de-სა და uefa.com-ის მონაცემებს ეყრდნობა.
სპეციალურად GOAL.GE-სთვის, ნიკა კოშორიძე
