ქართველებო, ითამაშეთ ფეხბურთი!!! საქართველო 0:4 პოლონეთი

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მე-3 მატჩი წააგო. თემურ ქეცბაიას "კარის გაჯახუნება" არ გამოუვიდა.
პირველ ტაიმში ქართველები გახსნილ თამაშს აჩვენებდნენ და იყო რამდენიმე კარგი შეტევაც, თუმცა კარში დარტყმა გვიჭირდა. შესვენების შემდეგ იმედიანად განწყობილ ქომაგს მალევე გაუფუჭდა ხასიათი, როცა გლიკმა 52-ე წუთზე დააწინაურა სტუმრები. კრიჩოვიაკმა 71-ეზე, შეიძლება ითქვას, ბოლო იმედი ჩაკლა ადგილობრივ პუბლიკაში და ფეხბურთელებში, ზუსტად 2 წუში კი მილამ საბოლოო წერტილი დასვა!
მესამე გოლის შემდეგ სტადიონიდან ხალხის დიდი ტალღა დაიძრა შინისკენ, ქომაგებმა კი სკანდირება დაიწყეს: "ქართველებო, ითამაშეთ ფეხბურთი! სირცხვილია!" სამაგიეროდ, პოლონელი გულშემატკივრები, რომლებიც საკმაოდ მრავლად იყვნენ ტრიბუნებზე, მღეროდნენ და ნაადრევად ზეიმობდნენ დამსახურებულ 3 ქულას.
ამრიგად, ბატონი თემური ემშვიდობება ეროვნულ ნაკრებს, ახალ მწვრთნელს კი ისღა დარჩენია, ექსპერიმენტებს მიმართოს და ერთხელ და სამუდამოდ დააყენოს ის შემადგენლობა, რომელიც ხალხს სტადიონზე დააბრუნებს.
ევრო 2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპის, D ჯგუფის, მე-4 ტურის მატჩი.
საქართველო 0:4 პოლონეთი
გოლები: გლიკი, 52, კრიჩოვიაკი, 71, მილა, 73, მილიკი, 90+2.
საქართველო: ლორია, ლობჟანიძე, კვირკველია, კაშია, გრიგალავა, ხუბუტია, კანკავა, დაუშვილი, ანანიძე(ოქრიაშვილი, 58), კობახიძე(ძალამიძე, 88), მჭედლიძე(ჭანტურია, 67).
პოლონეთი: შესნი, იედრეცკი, შუკალა, მილიკი, კრიჩოვიაკი, ლევანდოვსკი, გროშიცკი(რიბუსი, 68), გლიკი, მაჩინსკი(იოდლოვიჩი, 65), მილა(ლინეტი, 86), პიშჩეკი.
გაფრთხილება: კანკავა, 52 ლობჟანიძე, 56, გლიკი, 79, იოდლოვიჩი, ლინეტი, 90+1.
იხილეთ: მატჩის ამსახველი ფოტომასალა - GOAL.GE
ნინო გელაშვილის ფოტოები, სპეციალურად GOAL.GE -სთვის.



