ავტორიზაცია

იუვენტუსის 16 მოქმედ და ყოფილ ფეხბურთელს 1-თვიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება

იუვენტუსის 16 მოქმედ და ყოფილ ფეხბურთელს 1-თვიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება
თარიღი 25 იან 2023, 22:22
„იუვენტუსის“ ფეხბურთელები შესაძლოა კლუბის ფინანსურ მაქინაციებში ჩართულობის გამო დაისაჯონ.

შეგახსენებთ, 20 იანვარს ტურინულ კლუბს ფინანსური მაქინაციების გამო 15 ქულა ჩამოაკლეს. „იუვეს“ ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულების ხელოვნურ გაზრდაში ედება ბრალი. გარდა ამისა, არსებობს ეჭვი, რომ კლუბმა ფეხბურთელების და თანამშრომლების რეალური ხელფასი ხელოვნურად შეამცირა.

La Repubblica-ს ინფორმაციით, იტალიის ფეხბურთის ფედერაცია ხელფასებით მანევრირების საკითხზე ატარებს გამოკვლევას. ფედერაციის ყურადღება ხელფასის რამდენიმეთვიანმა დაგვიანებებმა მიიქცია, რომელიც „იუვეს“ 16 მოქმედ ან ყოფილ ფეხბურთელს დაუფიქსირდათ.

სპორტული სამართლის კოდექსის მიხედვით, ფეხბურთელები, რომლებმაც კლუბისგან ფედერაციის წესის დარღვევაში კომპენსაცია ან ჯილდო მიიღეს, 1-თვიანი დისკვალიფიკაციით დაისჯებიან.

ეჭვი არსებობს ისეთ ფეხბურთელებზე, როგორებიც არიან ადრიენ რაბიო, ვოიცეხ შესნი, ლეონარდო ბონუჩი, ხუან კუადრადო, უესტონ მაკკენი, პაულო დიბალა (ახლა რომაში თამაშობს), არტური (ლივერპული) და ფედერიკო ბერნარდესკი (ტორონტო).

ამავდროულად, კრიშტიანუ რონალდუს ბანი არ ემუქრება. მიუხედავად იმისა, რომ ის კლუბს ამ მაქინაციებისთვის 19.9 მილიონ ევროს ედავება, პორტუგალიელს საბუთებზე ხელი არ მოუწერია.