ემილიანო: "ისტორიაში საუკეთესო არგენტინის ნაკრები არ ვართ, ჩვენ უბრალოდ უფრო მეტად გაგვიმართლა, ვიდრე წინა წლების ნაკრებებს"
არგენტინელი გოლკიპერი ემილიანო მარტინესი, რომელიც ფიფამ წლის საუკეთესო გოლკიპერად დაასახელა, ამჟამინდელ არგენტინის ნაკრებს ისტორიაში საუკეთესოდ არ მიიჩნევს.
„ჩემი აზრით, ისტორიაში საუკეთესოები არ ვართ. მახსოვს, როგორ ვკითხე ლეო მესის, რით განსხვავდება ეს გუნდი 2014-სას. მახსოვს ნაკრები, რომელიც 2006 წელს გერმანიასთან პენალტებში დამარცხდა. მაშინაც კარგი ფეხბურთელები იყვნენ და კარგ ფეხბურტს თამაშობდნენ.
ერთადერთი სხვაობა ის არის, რომ ახლა გაგვიმართლა და მოვიგეთ. კოპა ამერიკის მოგებამაც შეიტანა თავისი წვლილი და ყველა გააერთიანა. შემდეგ „უემბლიზე" ფინალისიმა ვითამაშეთ, რომელსაც 80 ათასი არგენტინელი დაესწრო. მაშინაც გაგვიმართლა, რომ ყველაფერი სწორედ ასე დალაგდა. მსოფლიო ჩემპიონატზეც, ორი პენალტების სერია მოვიგეთ. ისეთი რაღაც არ ყოფილა, რომ ტიკი-ტაკა გვეთამაშა და ყველა მატჩი 3:0 მოგვეგო.
წინა ნაკრებებისგან განსხვავებით, ჩვენ გაგვიმართლა და მოვიგეთ. 2014-ში არგენტინის ნაკრები ფინალში იყო და ბურთი კარში უბრალოდ არ შედიოდა. ლეომ მითხრა, რომ ის ნაკრებიც იგივე იყო და მხოლოდ იღბალშია განსხვავება.
ვიღაცისთვის ჩვენ არგენტინის ნაკრების ისტორიაში საუკეთესოებად ვიქეცით, მაგრამ ჩემთვის - არა. თუ ამ წარმატებას კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, მაშინ დავეთანხმები. მაგრამ იქამდე, სანამ ეს კვლავ არ მოხდება, მიჭირს დათანხმება.", - აღნიშნა მარტინესმა.
temo
ტოპ კომენტარი
0
04 Mar 2023, 18:46
ვიღაცისთვის ჩვენ არგენტინის ნაკრების ისტორიაში საუკეთესოებად ვიქეცით, მაგრამ ჩემთვის - არა. თუ ამ წარმატებას კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, მაშინ დავეთანხმები. მაგრამ იქამდე, სანამ ეს კვლავ არ მოხდება, მიჭირს დათანხმება." ეტყობა ამას გაუტკბა ჩემპიონობა.