"2-ჯერ მოვკვდი და ექიმებმა გამაცოცხლეს" - როგორ გადარჩა გიორგი ლორია
ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ვენის რაპიდმა ანორთოსისს უშანსოდ, 3-0 მოუგო.
ავსტრიელთა წინააღმდეგ 62-ე წუთზე ანორთოსისის მეკარე გიორგი ლორიამ პენალტი მოიგერია.
საინტერესოა ის, რომ ქართველი ფეხბურთელი თამაშში მე-60 წუთზე ჩაერთო, მან თამაში სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო, რადგან კორონავირუსი ახალი გადატანილი ჰქონდა და ფიზიკურად 100%-ით მზად არ იმყოფებოდა.
GOAL.GE ანორთოსისის ქართველ მეკარეს გიორგი ლორიას კვიპროსში დაუკავშირდა. მას აღნიშნულ მატჩსა და მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ვესაუბრეთ.
"5 დღეა, რაც ვარჯიში დავიწყე, 5 კილო დავიკელი, ძალიან ცუდად ვიყავი. არც ველოდებოდი რაპიდთან თამაშს, უბრალოდ ჩვენმა მეკარემ ტრავმა მიიღო.
2-ჯერ ჰოსპიტალში ვიწექი, პირდაპირ ვამბობ: 2-ჯერ მოვკვდი და გამაცოცხლეს, იქედან რამდენიმე დღეში კი რაპიდთან ვითამაშე.
რაც შეეხება თამაშს, რთული იყო ანორთოსისისთვის, რადგან თითქმის მთლიან გუნდს 2 კვირის წინ კორონავირუსი ჰქონდა, ამის ფონზე კი ძალიან რთულია ფიზიკურად მზად იყო. ეს პირველი ოფიციალური თამაში იყო სეზონის," - განაცხადა გიორგი ლორიამ GOAL.GE-სთან საუბრისას.
განმეორებით მატჩს ანორთოსისი ვენის რაპიდთან 12 აგვისტოს გამართავს.