ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპი პირდაპირ ტოპ-მატჩით იწყება!
დღეს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპი იწყება და თანაც, იწყება პირდაპირ ტოპ-მატჩით. შესაძლოა, ამ სტადიაზე საუკეთესოთიც კი.
„მანჩესტერ სიტი" - „ბაიერნი"
სამშაბათი, 11 აპრილი - „ეტიჰად სტედიუმი", მთავარი არბიტრი: ხესუს ხილ მანსანო
მანჩესტერ სიტი ჯგუფში დორტმუნდს, სევილიას და კოპენჰაგენს დაუპირისპირდა და 14 ქულით ჯგუფში პირველი ადგილი დამაჯერებლად დაიკავა. მერვედფინალში გუნდის მეტოქე ლაიპციგი იყო. გერმანიაში მატჩი 1:1 დასრულდა და არაფერი მოასწავლიდა იმას, რაც საპასუხო შეხვედრაში მოხდა - „სიტიმ" მეტოქე 7:0 გააცამტვერა, ერლინგ ჰოლანდმა კი 5 გოლი გაიტანა.
ხოსეპ გვარდიოლას გუნდმა ბოლო მატჩებში საუცხოო ფორმა იპოვნა. ქალაქელებმა ბოლო ზედიზედ 8 მატჩის მოგება შეძლეს, ბოლო 4 შეხვედრაში კი 21 გოლი გაიტანეს, ამიტომ ბაიერნს დაცვაში ორმაგი ყურადღებით მოუწევს თამაში.
უქმეებზე სიტის მეტოქე საუთჰემპტონი იყო - ქალაქელებმა 4:1 მოიგეს. მიუხედავად მოახლოვებული ჩემპიონთა ლიგის მატჩისა, ხოსეპ გვარდიოლამ ძირითადი შემადგენლობა გამოიყენა და როტაციას ბუნებრივია არც დღეს ველოდებით.
ბაიერნმა, თავის მხრივ, ინტერის, ბარსელონას და ვიქტორია პლზენის ბარიერი ისე დაძლია, რომ ჯგუფში 6-დან 6-ვე შეხვედრა მოიგო და გზად კატალონიელები ზედიზედ მეორედ ჯგუფშიც ჩატოვა.
მერვედფინალში ჯერ კიდევ იულიან ნაგელსმანის გუნდმა პარი სენ-ჟერმენი" დამაჯერებლად, ორი მატჩის ჯამში 3:0 დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა. ამ დრომდე, ბაიერნი ლიგის ერთადერთ გუნდად რჩება, რომელმაც 8-ვე გამართული შეხვედრის მოგება შეძლო.
მიუხედავად ლიგაზე ასეთი კარგი შედეგებისა, ბაიერნის ხელმძღვანელობამ იულიან ნაგელსმანის შუა სეზონში მოხსნა და თომას ტუხელის დანიშვნა გადაწყვიტა. ბევრის აზრით, ეს იმან გამოიწვია, რომ ბაზარზე ტუხელი სხვა გუნდების ყურადღებასაც იპყრობდა და მიუნხენელებს მისი დაკარგვა არ სურდათ.
ახალმა მწვრთნელმა უკვე თასიდან გამოვარდნაც მოასწრო და ასეთ მოკლე პერიოდში მეორე ტურნირიდან გამოვარდნამ ქომაგებში შესაძლოა უკმაყოფილება გამოიწვიოს - ერთი, რომ ბაიერნს სეზონის ბოლომდე მხოლოდ ბუნდესლიგაშიღა ექნება სათამაშო და მეორე ის, რომ ხელმძღვანელობის რადიკალურმა ცვლილებებმა შედეგების გაუარესება და თასებიდან გამოვარდნა გამოიწვია, რასაც ფანები ვერ გაიგებენ.
ურთიერთშეხვედრებს რაც შეეხება, მხოლოდ 2010 წლიდან რომ ავიღოთ, ეს ორი გუნდი ერთმანეთს 10-ჯერ შეხვდა და ფრე არცერთხელ არ დაფიქსირებულა. ბოლო დაპირისპირება წინასასეზონო მომზადებისას გაიმართა და პეპის გუნდმა მინიმალურად იმარჯვა.
რაც შეეხება მწვრთნელებს, გვარდიოლა და ტუხელი ერთმანეთს კარიერაში 10-ჯერ დაუპირისპირდნენ, საიდანაც გერმანელმა 3 მატჩი მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და 6-ჯერ დამარცხდა. თუმცა, ამ დრომდე მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი, 2020/21-სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალი სწორედ თომასმა მოიგო (1:0).
სავარაუდო შემადგენლობები:
სიტი: ედერსონი, აკანჯი, აკე, დიაში, სტოუნსი, როდრი, მარეზი, დე ბრუინი, გიუნდოგანი, გრილიში, ჰოლანდი
ბაიერნი: სომერი, კანსელუ, დე ლიგტი, უპამეკანო, დევისი, კიმიხი, გორეცკა, სანე, მუსიალა, გნაბრი, მანე.