ავტორიზაცია

სახალხო ფინალი, ანუ მანჩესტერ სიტი - რეალი სერია ნომერი ოთხი

სახალხო ფინალი, ანუ მანჩესტერ სიტი - რეალი სერია ნომერი ოთხი
თარიღი 17 May 2023, 10:34
ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალის ფარგლებში, „მანჩესტერ სიტი“ საკუთარ კედლებში მადრიდის „რეალს“ უმასპინძლებს.

მანჩესტერ სიტი - რეალ მადრიდი
სამშაბათი, 17 მაისი, 23:00. სტადიონი „ეტიჰადი“, მანჩესტერი. მთავარი არბიტრი - შიმონ მარჩინიაკი (პოლონეთი), პირველი მატჩი 1:1, პირდაპირი ტრანსლაცია სილქ უნივერსალზე

ევროპული საფეხბურთო სეზონი ნელ-ნელა თავის კულმინაციას უახლოვდება. გუშინ ჩვენ ჩემპიონთა ლიგის პირველი ფინალისტის ვინაობა გავიგეთ, რომლადაც, თამაშიდან გამომდინარე სრულიად დამსახურებლად, „ინტერი“ მოგვევლინა. თუმცა, გულშემატკივრებისთვის „მან სიტის“ და „რეალის“ მოახლოვებული დაპირისპირება „სახალხო ფინალის“ სტატუსს ატარებს.

ხოსეპ გვარდიოლას და მის „მანჩესტერ სიტის“ მადრიდის „რეალთან“ პაექრობის მწარე გამოცდილება უკვე აქვს, რომლის დავიწყებასაც ჯერ ალბათ ვერ მოახერხებდნენ. გასულ წელს მანჩესტერული გრანდი „რეალს“ ორმატჩიანი დუელის 180 წუთიდან 170-ს განმავლობაში უგებდა და მეორე მატჩის მიწურულს ორი მატჩის ჯამში ორბურთიან უპირატესობასაც ფლობდა, თუმცა შემდეგ 1 წუთში ორი გოლი გაუშვა, დამატებითში კი კიდევ ერთი და ტურნირს მაქსიმალურად მტკივნეულად გამოეთიშა.



მას შემდეგ, სტილისტურად, გუნდები პრაქტიკულად არ შეცვლილან - „მან სიტი“ დიდ აქცენტს კვლავ აკეთებს ბურთის ტოტალურ კონტროლსა და დომინირებაზე, „რეალი“ კი სულაც არ არის წინააღმდეგი, მეორე ნომრად ითამაშოს ასეთ ძლიერ მეტოქესთან და საკუთარ შანსს კონტრშეტევებზე დაელოდოს.

ვინმე იტყვის, რომ გასულ წელს „სიტის“ არ ჰყავდა ასეთი გამოკვეთილი ცენტრფორვარდი და მეგოლე, როგორიც ერლინგ ჰოლანდია. კი, არჰყავდა. მაგრამ ბევრი მომენტი შეაქმევინეს „თეთრებმა“ ნორვეგიელს „სანტიაგო ბერნაბეუზე“? სწორედ ეს არის ინგლისის ჩემპიონების და მათი სტილის მთავარი პრობლემა - თავისუფალი სივრცეების გარეშე მათ ძალიან უჭირთ, კარლო ანჩელოტის შეგირდებს კი, კარგი პრესინგის ხარჯზე, ამ სივრცეების მაქსიმალურად შეზღუდვა კარგად გამოსდით. ამიტომ, ჰოლანდისნაირი ურჩხულიც კი არც ისე საშიშად გამოიყურებოდა „ბერნაბეუზე“, სადაც „სიტი“ მარცხს მხოლოდ დე ბრუინის შორეული, ულამაზესი გასროლის ხარჯზე გადაურჩა.

ანჩელოტის ფილოსოფია და სტილი მაქსიმალურად მარტივია, მაგრამ არანაკლებად ეფექტური, მითუმეტეს ევროტურნირებზე წარმატების მისაღწევად, რასაც ისიც ამტკიცებს, რომ მან მწვრთნელის რანგში უკვე 4 ჩემპიონთა ლიგის მოგება მოახერხა.


 

მოახლოვებულ შეხვედრაში იტალიელ მწვრთნელს კარგი თავსატკივარი დაემატა - წინა მატჩის შემდეგ, დისკვალიფიკაციიდან ედერ მილიტაო ბრუნდება და ახლა ანჩელოტიმ უნდა გადაწყვიტოს, თუ ვინ დასვას სკამზე - წინა მატჩში ჰოლანდის წინააღმდეგ ბრწყინვალედ მოთამაშე რუდიგერი, მილიტაო, რომელიც მთელი სეზონია დაცვის ლიდერად ითვლება, თუ ალაბა, რომელიც გუნდში დაცვიდან პირველი პასით ამოსვლაზეა პასუხისმგებელი. არ არის გამორიცხული ვარიანტიც, რომ მოედანზე ერთდროულად სამივე ვიხილოთ - ალაბა ძველ დროს გაიხსენებს და მარცხენა ფლანგზე გადაიწევს, რაც კამავინგას ცენტრში შეწევის შესაძლებლობას გააჩენს. ერთი სიტყვით, ანჩელოტის ვარირების საშუალება დღეს უფრო მეტად ექნება, ვიდრე „ბერნაბეუზე“ და ამიტომ, დავუთმოთ მას ამის შესაძლებლობა და უბრალოდ დაველოდოთ, თუ რას შემოგვთავაზებს იტალიელი.

თუ დაცვაში არ ვიცით, ვის დააყენებს კარლო, ნახევარდაცვასა და შეტევაში სასტარტოს წევრების გამოცნობა პრაქტიკულად ყველას შეუძლია, ვისაც წელს „რეალის“ 5+ მატჩი აქვს ნანახი. კროოსი, მოდრიჩი, ვალვერდე, ბენზემა, ვინისიუსი - ამ ხუთეულის მოედანზე პირველივე წუთებიდან ხილვა დღეს პრაქტიკულად გარდაუვალია.

გვარდიოლას შემთხვევაში ყველაფერი ასე მარტივად არ არის - ჯერ ერთი ის, რომ მას ასეთ მნიშვნელოვან მატჩებში სიახლეების მოფიქრება და ცვლილებების შეტანა უყვარს ხოლმე (რაც, სამართლიანობა მოითხოვს აღვნიშნოთ, რომ ხშირად ცუდადაც უტრიალდება), ამიტომ მისი სასტარტოს გამოცნობა ცოტა რთული ამბავია. მითუმეტეს, მან გუშინ თავადაც თქვა პრესკონფერენციაზე, რომ შეტევაში რაღაც ახალი აქვს მოფიქრებული, მაგრამ ფანები დაამშვიდა, რომ გადამეტებას ადგილი არ ექნება. ერთი ის ვიცით, რომ დღეს პეპს ნათან აკე ვერ დაეხმარება, რომელმაც ტრავმის გამო პირველი მატჩიც გამოტოვა.

ბუკმეიკერების ფავორიტი

აქ სიტუაცია ჩემპიონთა ლიგის მოქმედი ჩემპიონისთვის პრაქტიკულად შეურაცხმყოფელია - „მან სიტის“ გამარჯვება მიზერულ 1.61 კოეფიციენტად ფასდება, მაშინ როდესაც „რეალის“ წარმატება 5.30-ად. ფრის ალბათობა „რეალის“ გამარჯვებაზე ბევრად დაბალია - 4.50.

სავარაუდო შემადგენლობები:

„მან სიტი“: ედერსონი, უოკერი, დიაში, აკანჯი, სტოუნსი, როდრი, ბერნარდუ, დე ბრუინი, გიუნდოგანი, გრილიში, ჰოლანდი

„რეალი“: კურტუა, კარვახალი, მილიტაო, რუდიგერი, ალაბა, კროოსი, მოდრიჩი, კამავინგა, ვალვერდე, ბენზემა, ვინისიუსი.

რა თქვეს მწვრთნელებმა:



ხოსეპ გვარდიოლა: „გასავარდნი თამაში გველის. სადღაც შეიძლება უკეთ უნდა დაიცვა თავი, სადღაც უკეთ შეუტიო. ალაბა და რუდიგერი პირველ მატჩში ჰოლანდს მჭიდროდ ეთამაშებოდნენ და სივრცეებს არ უტოვებდნენ. შეიძლება, დღეს რაღაც სიახლე მოვიფიქროთ, თუმცა არ გადავაჭარბებ.

კარლო ანჩელოტი: „პირველ მატჩი თამაშის პერიპეტიებს კარგად ვაკონტროლებდით. როცა მეტოქე ბურთს ფლობდა, დაცვაში კარგად ვიდექით და შემდეგ, სწრაფი კონტრშეტევებით მეტოქეს პრობლემებს ვუქმნიდით.“