ავტორიზაცია

მორიგი ოქროს ეპოქის დასასრული - ვემშვიდობებით კარიმ ბენზემას

მორიგი ოქროს ეპოქის დასასრული - ვემშვიდობებით კარიმ ბენზემას
თარიღი 04 Jun 2023, 23:53
ლეგენდა...

დღეს, უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ კარიმ ბენზემა მადრიდის რეალს დატოვებს. როგორც ჩანს, ფრანგი კარიერას საუდის არაბეთის „ალ იტიჰადში“ გააგრძელებს.

ბენზემა მადრიდულ კლუბში 2009 წლიდან თამაშობდა - სწორედ მაშინ დაიწყო გზა, რომელსაც თავისუფლად შეგვიძლია ლეგენდარული ვუწოდოთ.

კარიმმა რეალის ისტორიაში ყველაზე მეტი, 25 ტიტული მოიგო (პირველობას მარსელოსთან“ ერთად იყოფს). გოლების დავაში მე-2 ადგილს იკავებს 353 გოლით (მასზე წინ მხოლოდ კრიშტიანუა 450-ით), ასისტებით კი საერთოდაც საუკეთესოა - 165.

ბენზემამ „რეალის“ მაისურით 647 მატჩი ჩაატარა, რაც კლუბის ისტორიაში მე-5 შედეგია, არაესპანელებს შორის კი საერთოდ საუკეთესო. მასზე წინ არიან მხოლოდ სერხიო რამოსი (671), მანუელ სანჩისი (710), იკერ კასილასი (725) და რაული (741).

და ეს არ არის ყველა მიღწევა, რომელიც კარიმს ეკუთვნის. ქვემოთ კიდევ რამდენიმეს გთავაზობთ:

მე-4 საუკეთესო ბომბარდირი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში (90), მეტი მხოლოდ ლევანდოვსკის (91), მესის (129) და რონალდუს (140) აქვთ. საუკეთესო ფრანგი ფორვარდი.

მე-4 საუკეთესო ბომბარდდირი ლა ლიგაში (237), მასზე წინ მხოლოდ ტელმო სარა, კრიშტიანუ რონალდუ და ლეო მესი არიან.

საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი ჩემპიონთა ლიგის 2021/22-სეზონში (15 გოლი)

საუკეთესო ბომბარდირი ლა ლიგის 2021/22-სეზონში (27 გოლი)

ოთხგზის წლის საუკეთესო ფრანგი ფეხბურთელი (2011, 2012, 2014, 2021).

ლა ლიგის ორგზის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი (2019/20, 2021/22)

„რეალის“ ოთხგზის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი (2015/16, 2018/19, 2019/20, 2021/22)

რეალის ისტორიაში პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ზედიზედ 11 სეზონში მოახერხა 20 ან მეტი გოლის გატანა

კლასიკოს ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლის (21-ე წამზე) და რეალის ისტორიაში ყველაზე სწრაფი ჰეთ-ტრიკის (7 წუთი) ავტორი.

რეალი ემშვიდობება: „კლუბის ერთ-ერთი უდიდესი ლეგენდა. ის ჩვენი ისტორიის ოქროს წლებში ჩვენთვის საკვანძო ფიგურა იყო. ბენზემას კარიერა რეალში იყო სამაგალითო და პროფესიონალიზმით აღსავსე და ჩვენი კლუბის ღირებულებებს წარმოადგნედა. კარიმმა დაიმსახურა უფლება, რომ საკუთარი მომავალი თავად გადაწყვიტოს. მადრიდისტები და გულშემატკივრები მთელი მსოფლიოს მასშტაბით სიამოვნებას იღებდნენ მისი ოსტატობით და უნიკალური ფეხბურთით.“

ბენზემას სიდიადე უკვე საზოგადოებაშიც აღიარებულია. დღეს, მადრიდის რეალში მორიგი ოქროს ეპოქა დასრულდა.