მომავალ მატჩებზე, 21 წლამდე ნაკრებზე, ჩემპიონებზე - ვილი სანიოლის სრული პრესკონფერენცია
კვიპროსთან და შოტლანდიასთან გასამართი მატჩების წინ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა.
კვიპროსთან მატჩზე
არ ვიცი, იქონიებს თუ არა გავლენას თამაშზე ის ფაქტი, რომ კვიპროსის მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაიაა, ჩვენი მიზანი ამ მატჩიდან მაქსიმუმის გამოღებაა და აუცილებლად სასურველ შედეგს უნდა მივაღწიოთ. ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც ნორვეგიასთან მეორე ტაიმში.
21-წლამდე ნაკრებზე
მოხარული ვარ რომ ასეთი დონის ტურნირი საქართველოში ტარდება. უკეთესი იქნებოდა, ეროვნული ნაკრებისა და 21-წლამდელებს შორის მატჩების თარიღი ასე ახლოს არ ყოფილიყო. რამდენიმე ფეხბურთელი, ვინც ეროვნულ ნაკრებში იყო, მაგალითად საზონოვი, წიტაიშვილი, სიგუა, უკვე 21-წლამდელებში არიან, სხვა ფეხბურთელებთან დაკავშირებით კი გადაწყვეტილებებს მოგვიანებით მივიღებთ.
დებიუტანტი საქართველოს ნაკრებში
ბოლო ერთი წელია გველესიანს ვაკვირდები, საკმაოდ კარგად თამაშობს და კარგ შედეგებს აფიქსირებს. ვფიქრობ, ახლა ყველაზე კარგი დრო იყო, რომ ის ეროვნულ ნაკრებში გამომეძახა. მას მიეცა შანსი, რომ დაამტკიცოს თავის შესაზლებლობები.
ორი ფორვარდით თამაშზე
ტაქტიკაზე თამაშის წინ არასდროს ვსაუბრობ ხოლმე, მაგრამ როცა ნორვეგიასთან მეორე ტაიმში ორი ფორვარდით ვითამაშეთ, კმაყოფილი დავრჩი. პირველი და მეორე ტაიმი მაშინ სრულიად განსხვავებული იყო. მეორე ნახევარში სულ სხვა თავდაჯერებით გამოვედით მოედანზე და ის, რომ კარგად ვითამაშეთ, ტაქტიკაზე მეტად, ჩვენი განწყობის დამსახურება იყო.
საქართველოს ნაკრების მიზანი ჯგუფურ ეტაპზე
ნორვეგიასთან ერთი ქულის მოპოვებას პოზიტიურად უნდა შევხედოთ, კვიპროსი მათგან სრულიად განსხვავებული ნაკრებია. ჩემთვის მთავარი ისაა, რომ დარჩენილ მატჩებში იგივე მონდომებით გავიდეთ, როგორც წინა მატჩში და შედეგიც აუცილებლად იქნება.
ჩემპიონები ნაკრებში
კარგი ამბავია, რომ ჩვენი ნაკრების ფეხბურთელები თავიანთ გუნდებში ჩემპიონები გახდნენ. ეს უფრო მეტ პოზიტიურ განწყობას შექმნის. ვამაყობ, რომ ნაკრებში ასეთი წარმატებული ფეხბურთლეები მყავს.
შოტლანდიასთან შანსებზე
რა იქნება მიზანი შოტლანდიასთან? ეს იგივეა, ბავშვმა თქვას, ფერარი მინდა და არ იფიქროს იმაზე, რომ ამის უკან შრომა და სწავლა დგას. ჩვენც ასე უნდა ვიმოქმედოთ. მაქსიმალურად უნდა მოვემზადოთ ამ მატჩისთვის და შედეგს თამაში გვანახებს.
მიქაუტაძის ბრწყინვალე სეზონი
მიქაუტაძეს ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა მხოლოდ იმიტომ არა, რომ ბევრი გოლი გაიტანა. ის მოედანზე სულ გამორჩეული იყო. ვისურვებდი, რომ მან უფრო მაღალ დონეზე ითამაშოს, თუმცა მის მომავალზე არაფერი ვიცი. ყველაფერი ჟორჟის გადასაწყვეტია. ისეთი არჩევანი უნდა გააკეთოს, რომ სათამაშო დრო ჰქონდეს და თავი გამოიჩინოს.